Accessibility links

site logo site logo

მასობრივი ვაქცინაციის ახალ სივრცეში პედაგოგები რეგისტრაციის გარეშე აიცრებიან


ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, სამედიცინო უნივერსიტეტში მასობრივი ვაქცინაციის ახალ სივრცეში, რომელიც დღეს გაიხსნა, პედაგოგებისთვის ცალკე სივრცე მოეწყობა, სადაც ისინი რეგისტრაციის გარეშე შეძლებენ აცრას.

„ამ სივრცეში მოეწყობა ერთი ცალკე სივრცე პედაგოგიური პერსონალისთვის, რომელთაც შეუძლიათ რეგისტრაციის გარეშე მობრძანდნენ და ჩაიტარონ ვაქცინაცია მათთვის სასურველ დროს, როგორც აქ, ასევე სხვა დაწესებულებებში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, პედაგოგიურ პერსონალს ექნება განსაკუთრებული ხელშეწყობა იმისთვის, რომ მათი ვაქცინაცია, რა თქმა უნდა, მათი გადაწყვეტილებით და ნებით მოხდეს შეუფერხებლად და არანაირი ადმინისტრაციული და ტექნიკური ბარიერი არ შეხვდეთ ვაქცინაციის პროცესში“, - განაცხადა გაბუნიამ.

მინისტრის მოადგილის განმარტებით, ქვეყანაში ვაქცინების მარაგი არის საკმარისი, ვაქცინაციის ცენტრები და ადგილები ყოველდღიურად ემატება, როგორც თბილისში, ასევე ქვეყნის ყველა სხვა წერტილში, შესაბამისად, ვაქცინაციის პროცესი სოფლებში აქტიურად დაიწყება.

„აჭარამ დაიწყო ეს პროცესი და სხვა რეგიონებშიც დაიწყება იგივე პრაქტიკა ოჯახის ექიმების ჩართულობით, ასე რომ, მოქალაქეებს მინდა კიდევ ერთხელ მოვუწოდო, ეს შესაძლებლობა გამოიყენონ და ძალიან სწრაფად მომართონ ვაქცინაციის ცენტრებს“, - განაცხადა გაბუნიამ.

vaccines.ncdc.ge-ს მიხედვით, ამ დროისთვის აცრილია 464 875 ადამიანი, მათგან სრულად, ანუ ორჯერადად ვაქცინირებულია 153 128.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG