Accessibility links

site logo site logo

ჯუანშერ ბურჭულაძე Agile Spirit 2021-ზე: „ასეთი მასშტაბური ღონისძიებები ჩვენ არასდროს არ გვქონია"


ვაზიანის სამხედრო აეროდრომზე, Agile Spirit 2021-ის ფარგლებში, ქართველი და ამერიკელი სამხედროების მონაწილეობით, საჰაერო-სადესანტო სწავლება გაიმართა.

თავდაცვის მინისტრის ჯუანშერ ბურჭულაძის განცხადებით, ეს არის მეათე საიუბილეო წვრთნა „მტკიცე სული“, რომელიც ტარდება საქართველოში.

„აღსანიშნავია, რომ არც სადესანტო ხტომა და არც სპეციალური ოპერაციების ძალების ასეთი მასშტაბური ღონისძიებები ჩვენ არასდროს არ გვქონია“, - განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა.

Agile Spirit 2021 მრავალეროვნული სწავლებაა, რომელსაც საქართველოს და ამერიკის ძალები უდგანან სათავეში. ეს ერთობლივი წვრთნები, რომელიც თავს უყრის 15 მოკავშირე და პარტნიორი ძალების 2,500 სამხედროს, ხელს უწყობს მონაწილეთა მზადყოფნას, სიძლიერესა და თავსებადობას.

საჰაერო-სადესანტო კომპონენტის საჩვენებელი სწავლება ევროპაში აშშ-ის საჰაერო ძალების სამი ერთეული C-130 ჰერკულესის ტიპის თვითმფრინავით განხორციელდა. C-130 თვითმფრინავები გერმანიაში, რამშტეინის ბაზაზე არიან დისლოცირებული, Agile Spirit 2021-ის ფარგლებში საჰაერო კომპონენტის მხარდასაჭერად კი, ბორტი ალექსეევკას შერეულ საავიაციო ბაზაზე იმყოფება.

საჰაერო-სადესანტო კომპონენტის საჩვენებელი სწავლება ვაზიანის აეროდრომის ტერიტორიაზე C-130 თვითმფრინავიდან სამხედრო მძიმე ტექნიკის გადმოსროლით დაიწყო, რის შემდეგაც დანარჩენი ორი თვითმფრინავიდან პირადი შემადგენლობის დესანტირება განხორციელდა. პარაშუტებით გადმოხტომისას სამხედროებმა Agile Spirit 2021-ში მონაწილე ქვეყნების დროშები გაშალეს. საჰაერო დესანტირების შემდეგ სადესანტო ჯგუფების ქართველმა და ამერიკელმა ხელმძღვანელებმა პარტნიორობისა და მეგობრობის ნიშნად ერთმანეთს პარაშუტისტების ბეჯები გაუცვალეს.

სწრაფი რეაგირების ძალების გადმოსროლის ერთობლივ წვრთნაში საქართველოს თავდაცვის ძალების სპეციალური ოპერაციების ძალების სპეციალური ოპერაციების ბატალიონის (დასავლეთი) რეინჯერთა ასეული, იტალიის ქალაქ ვიჩენზაში დისლოცირებული ევროპასა და აფრიკაში აშშ-ის არმიის 1-91 საკავალერიო პოლკისა და 173-ე სადესანტო ბრიგადის ორი ასეულის ზომის ქვედანაყოფი მონაწილეობდა.

სცენარის მიხედვით, მედესანტეებმა სამხედრო აეროდრომის დაკავების ოპერაცია შემდგომში მომყოლი მოკავშირე მრავალეროვნული ძალების მიღებისა და მათ მიერ აეროდრომის დაკავების მიზნით ჩაატარეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG