Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დაიწყო პარტიების ლიდერებთან შეხვედრები


საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „ათონელის სასახლეში“ დაიწყო პოლიტიკური პარტიების ლიდერებთან ცალ-ცალკე შეხვედრები. საუბრის თემაა პოლიტიკური ვითარება, რომელიც შეიქმნა „ქართული ოცნების“ მიერ „მიშელის შეთანხმებიდან“ ცალმხრივად გასვლის შემდეგ.

პრეზიდენტი უკვე შეხვდა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს და „გირჩის“ ერთ-ერთ ლიდერს ვახტანგ მეგრელიშვილს.

კობახიძემ „ათონელის სასახლე“ მედიასთან კომენტარის გარეშე დატოვა. მეგრელიშვილმა კი თქვა, რომ მისი დაკვირვებით, პარტიებთან შეხვედრებით პრეზიდენტი „თავად ყალიბდება საკუთარ პოზიციაზე“.

"დღეს ფაქტობრივად, "ქართულმა ოცნებამ" ხო უმცირესობა, ანუ ის ათი პროცენტი დაგვაიგნორა და ამავე დროს, არ გაითვალისწინა ის, რომ მე მასთან კი არ მქონდა კონტრაქტი, მქონდა შუამავლებთან, ანუ ევროკავშირთან და ამერიკასთან. მე ამას ასე ვუყურებ და ეს მოვუყევი ქალბატონ სალომეს", - უთხრა ჟურნალისტებს ვახტანგ მეგრელიშვილმა.

სალომე ზურაბიშვილი შეხვდება „მიშელის შეთანხმების“ ხელმომწერი „ლელოს“ და „მოქალაქეების" ლიდერებსაც. პრეზიდენტთან შეხვედრაზე უარი თქვეს „სტრატეგია აღმაშენებლის“ წარმომადგენლებმა. მათ მიზეზად ის დაასახელეს, რომ ზურაბიშვილს „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება კრიტიკულად დღემდე არ შეუფასებია.

28 ივლისს, პარტიამ "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო" ანულირებულად გამოაცხადა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის ინიციატივით ოპოზიციის ნაწილთან 19 აპრილს მიღწეული შეთანხმება. იმავე დღეს, საფრანგეთში გაიმართა შარლ მიშელის და სალომე ზურაბიშვილის არაფორმალური შეხვედრა. საქართველოს პრეზიდენტს "ქართული ოცნების" გადაწყვეტილების შესახებ, ოფიციალური განცხადება დღემდე არ გაუვრცელებია.

2021 წლის 19 აპრილს, "ქართულმა ოცნებამ" და საპარლამენტო ოპოზიციური პარტიების ნაწილმა, თბილისში, ხელი მოაწერეს ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის მიერ ინიცირებულ შეთანხმებას, რომელმაც სათავე დაუდო ბოლო საპარლამენტო არჩევნების შემდეგ შექმნილი პოლიტიკური კრიზისის შედარებით განმუხტვას და ოპოზიციის მიერ საპარლამენტო საქმიანობის დაწყებას.

შეთანხმებას, რომელიც ითვალისწინებს კონსენსუსის საფუძველზე საარჩევნო და სასამართლო რეფორმებს, პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმულ საკითხებზე რეაგირებას და პარლამენტში ძალაუფლების განაწილებას, ხელი არ მოაწერეს "ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" და მასთან ერთად საარჩევნო ბლოკში მყოფმა პარტიებმა, ასევე, "ევროპულმა საქართველომ" და "ლეიბორისტულმა პარტიამ". შეთანხმება მოიცავს დათქმასაც, რომ თუ 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებში "ქართული ოცნება" ხმების 43%-ზე ნაკლებს მიიღებს, 2022 წელს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები დაინიშნება.

მმართველ პარტიაში "მიშელის შეთანხმების" ანულირების გადაწყვეტილება იმით ახსნეს, რომ შეთანხმების მთავარი მიზანი იყო პოლარიზაციის და რადიკალიზაციის შემცირება, რაც ვერ მოხერხდა და პირიქით მოხდა, და, რომ მთავარი ოპოზიციური პარტია "ნაციონალური მოძრაობა" შეთანხმებას არ შეუერთდა.

"ქართული ოცნების" გადაწყვეტილება ოპოზიციამ შეაფასა ქვეყნის დასავლური კურსის შეცვლად და "ქართული ოცნების" მიზნად, ხელისუფლება ნებისმიერ ფასად შეინარჩუნოს. ამასთან, ოპოზიციის ზოგიერთი წარმომადგენელი ვარაუდობს, რომ "ქართული ოცნება" და "ნაციონალური მოძრაობა" ერთმანეთის ინტერესებით მოქმედებენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG