Accessibility links

site logo site logo

რუსეთმა მოსკოვში ესტონეთის დიპლომატიური მისიის თანამშრომელი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა


რუსეთმა მოსკოვში ესტონეთის დიპლომატიური მისიის თანამშრომელი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა და ერთი კვირის განმავლობაში ქვეყნის დატოვება მოსთხოვა.

შესაბამისი ნოტა გადაეცა ესტონეთის ელჩს, მარგუს ლაიდრეს, რომელიც ამისთვის რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს. ლაიდრეს პროტესტი გამოუცხადეს. საპროტესტო ნოტაში ნათქვამია, რომ ესტონეთის დიპლომატიური მისიის თანამშრომელი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადეს ესტონეთის მოქმედების საპასუხოდ. სამინისტრომ ესტონეთის მხარეს მოუწოდა, „შეჩერდეს და არ გაართულოს ისედაც უკიდურესად გამწვავებული ვითარება“.

ესტონეთის საგარეო-პოლიტიკურ უწყებაში „ინტერფაქსს“ შეატყობინეს, რომ ჯერ არ არის გადაწყვეტილი, როგორ უპასუხებენ ესტონეთის დიპლომატის გაძევებას.

7 ივლისს რუსეთში პერსონა ნონ გრატად გამოცხადდა ესტონეთის გენერალური კონსული სანქტ-პეტერბურგში, მარტ ლიატე. რუსეთმა აღნიშნა, რომ ეს გადაწყვეტილება მიიღო ლიატეს საქმიანობის გამო, რომელიც არ შეესაბამებოდა მის დიპლომატიურ სტატუსს. ერთი დღით ადრე ფსბ-მ განაცხადა, რომ ლიატეს წაასწრეს, როგორ იღებდა „დახურული ხასიათის მასალებს“.

ტალინში ვითარება შეაფასეს, როგორც „რუსეთის ხელისუფლების პროვოკაცია“. ამის შემდეგ გამოიძახეს ესტონეთში რუსეთის ელჩი და მას გადასცეს ნოტა, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ არასასურველ პირად გამოცხადდება რუსეთის საელჩოს ერთი თანამშრომელი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG