Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

3000 გაუქმებული ჯავშანი - ანტივაქსერული კამპანია?


ბოლო ორი დღის განმავლობაში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრაზე რეგისტრირებული 3 000 ადამიანი ვაქცინაციაზე არ მივიდა - დაავადებათა ეროვნული ცენტრი  ფიქრობს, რომ ეს შესაძლოა განზრახ მოხდა და ცდილობს გაარკვიოს, ჰქონდა თუ არა ადგილი „ცრუ ჯავშნებს”. 

რადიო თავისუფლება შეეცადა დამატებითი დეტალები გაეგო მათ შესახებ, ვინც აკეთებს ჯავშანს და დათქმულ დროს არ მიდის შერჩეულ კლინიკაში - დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ამ ეტაპზე მხოლოდ იმას ამბობს, რომ მათი IT სამსახური ვითარებას სწავლობს. შესაბამისად, არ ვიცით:

  • რა მიზეზით გაუქმდა ათასობით ჯავშანი;
  • სად გაუქმდა ყველაზე მეტი ჯავშანი;
  • აქვთ თუ არა იმ პირებს ერთმანეთთან კავშირი, ვინც დარეგისტრირდა და არ აიცრა;
  • რომელ ვაქცინაზე იყვნენ ისინი რეგისტრირებულები;
  • როგორი იყო გამოუყენებული ჯავშნების სტატისტიკა წინა დღეებში.

ყველა ეს მონაცემი დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს აქვს, ისევე როგორც თითოეული რეგისტრირებული პირის ტელეფონის ნომერი და ელექტრონული ფოსტის მისამართი. დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში ამირან გამყრელიძემ მედიას უთხრა მხოლოდ ის, რომ ცენტრი სამ ვერსიას განიხილავს:

  • მოქალაქეები აკეთებენ ცრუ ჯავშნებს;
  • ​მოქალაქეთა ნაწილი აცრამდე ინფიცირდება კორონავირუსით და აღარ მიდის დანიშნულ დროს;
  • აცრამდე მოქალაქეები ცვლიან ვაქცინის მწარმოებლებს.

„ფაქტი ერთია - ათასობით ადამიანი დარეგისტრირდა და არ გამოცხადდა. არ მესმის, ეს შიშს როგორ უნდა დააბრალო, რომ ბოლო მომენტში გადაიფიქრო. თუ ადამიანებმა აცრის გაკეთება გადაწყვიტეს, გაუგებარია, ეს როგორ მოხდა“, - ამბობს პაატა იმნაძე გაუქმებულ ჯავშნებზე. მის მიერ დღეს მედიასთან გაკეთებული კომენტარი აჩენს ეჭვს, რომ ჯავშნების გაუქმება კოორდინირებული ქმედების შედეგია.

„ვთქვათ „სინოფარმის“ გაუქმების შემთხვევები შეიძლება გამოწვეული იყოს იმით, რომ ვიღაცას „ფაიზერი“ უფრო მოსწონს და მასზე გადაეწერა, კი ბატონო, გასაგებია, მაგრამ „ფაიზერზე“ რომ ამდენივე არის გაუქმებული, ჩვენში ეს ადრე გამოთქმულ ეჭვებსაც აჩენს, რომ ხელოვნურად ხომ არ ხდება სისტემის გადატვირთვა და ადგილის დაკავება“, - თქვა დღეს პაატა იმნაძემ.

ცრუ ჯავშნების გაკეთების მოწოდება რამდენიმე დღის წინ აქტიურად ვრცელდებოდა ფეისბუკში. ანტივაქსერები საზოგადოებას მოუწოდებდნენ დაეჯავშნათ ადგილები აცრაზე და ამით შეეშალათ ხელი სხვებისთვის, ვისაც მართლაც სურდა ვაქცინის მიღება.

ანგარიშები ფეისბუკზე, რომლებიც ანტივაქსერულ გზავნილებს და ვაქცინებთან დაკავშირებულ დეზინფორმაციას ავრცელებდნენ, ხშირად ასევე იყვნენ ანტისადავლური, ჰომოფობიური, კონსერვატული და ნაციონალისტური გზავნილების ავტორები. მათი ნაწილი გაზაფხულზე "რიონის ხეობის მცველების" მხარდამჭერ კონტენტს ქმნიდა და აზიარებდა, ზაფხულში "თბილისი პრაიდის" წინააღმდეგ ილაშქრებდა.
ანგარიშები ფეისბუკზე, რომლებიც ანტივაქსერულ გზავნილებს და ვაქცინებთან დაკავშირებულ დეზინფორმაციას ავრცელებდნენ, ხშირად ასევე იყვნენ ანტისადავლური, ჰომოფობიური, კონსერვატული და ნაციონალისტური გზავნილების ავტორები. მათი ნაწილი გაზაფხულზე "რიონის ხეობის მცველების" მხარდამჭერ კონტენტს ქმნიდა და აზიარებდა, ზაფხულში "თბილისი პრაიდის" წინააღმდეგ ილაშქრებდა.

დაახლოებით 10 დღის წინ, 28 ივლისს, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია ამბობდა, რომ ცოტა, რამდენიმე ათეული ჯავშანი უქმდებოდა და ისიც ძირითადად იმიტომ, რომ მოქალაქეები აცრის წინ თავს შეუძლოდ იგრძნობდნენ ხოლმე.

ანტივაქსერები გააქტურდნენ 13 ივლისის შემდეგ. ამ დღეს საქართველოში „ფაიზერის” წარმოებული ვაქცინები შემოვიდა, რომლის მიმართაც მაღალი მოთხოვნაა საზოგადოებაში. 24 ივლისს ვაქცინაციის წინააღმდეგ აქციაც გაიმართა პარლამენტის წინ და ინტერნეტშიც მეტი შემართებით დაიწყო ცრუ ინფორმაციის გავრცელება იმის შესახებ, თითქოს აუცრელ ადამიანებს უფრო მძიმე ფორმებში ემართებათ კორონავირუსი, ვიდრე აცრილებს.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ საქართველოში წელს კოვიდით გარდაცვლილთა 99,7% აუცრელი იყო.

„ათას ადამიანში, ვინც აცრილია და დაემართება კოვიდი, შეიძლება დაიღუპოს ერთი, მაშინ, როცა ათას ადამიანში (აუცრელში), რომელსაც დაემართება კოვიდი, ალბათობა დაღუპვის არის თხუთმეტი. ამიტომ დაცვას აცრისას აქვს ძალიან სერიოზული საფუძველი“, - თქვა დღეს, 3 აგვისტოს ამირან გამრელიძემ. საქართველოში დღეს კორონავირუსის რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა, ერთ დღეში 5 000-მდე ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 24 საათში გარდაიცვალა 34 ადამიანი. უკიდურესად გამწვავებულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებაში მოსახლეობის ყველაზე ეფექტიანი იარაღი კორონავირუსთან საბრძოლველად, ნიღბის, პირადი ჰიგიენისა და სოციალური დისტანციის გარდა, ვაქცინაციაა. ვაქცინის დეფიციტის და არასაკმარისი საინფორმაციო კამპანიის ფონზე საქართველოში ვაქცინაცია ნელი ტემპით მიმდინარეობს - ანტივაქსერული განწყობები და პროპაგანდა ამ პროცესს კიდევ უფრო ართულებს. ამ დროისათვის საქართველოში დაახლოებით ნახევარი მილიონი აცრაა გაკეთებული, მთავრობის გეგმის თანახმად კი წლის ბოლომდე მოსახლეობის 60% მაინც უნდა იყოს აცრილი. საზოგადოებრივი აზრის კვლევების ბოლოს გამოქვეყნებული მონაცემებით [IRI-ს 2 აგვისტოს გამოქვეყნებული კვლევა], 6%-ით არის გაზრდილი ქვეყანაში მათი რაოდენობა, ვისაც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთება არ სურს. აცრის მოწინააღმდეგეთა რაოდენობა ქვეყნის მოსახლეობის თითქმის ნახევარს, 45%-ს შეადგენს.

„კაქტუს მედიის“ ინფორმაციით, რომელიც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებს ეყრდნობა, ვაქცინაციის დაწყებიდან 27 ივლისამდე სულ 2 903 დოზა ვაქცინა დაიკარგა. გეოგრაფიული თვალსაზრისით ყველაზე მეტი დანაკარგი [1554 დოზა] თბილისს აქვს, ვაქცინების მიხედვით - „ასტრაზენეკას“ [2 467]. ვაქცინების დანაკარგები მხოლოდ ჯავშნების გაუქმებით არ არის გამოწვეული.

რადიო თავისუფლებამ ჰკითხა შინაგან საქმეთა სამინისტროს და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, დაინტერესდებიან თუ არა ისინი ჯავშნების მასობრივად გამოუყენებლობის ფაქტით - კონკრეტული პასუხი არცერთი უწყებისგან არ მიგვიღია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG