Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბაიდენმა გადადგომისკენ მოუწოდა სექსუალურ შევიწროებაში დადანაშაულებულ გუბერნატორს


ნიუ-იორკის შტატის გუბერნატორი ენდრიუ კუომო
ნიუ-იორკის შტატის გუბერნატორი ენდრიუ კუომო

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ნიუ-იორკის შტატის გუბერნატორი ენდრიუ კუომო უნდა გადადგეს.

3 აგვისტოს, ნიუ-იორკის გენერალურმა პროკურორმა, ლეტიშა ჯეიმსმა გამოაქვეყნა ერთთვიანი გამოძიების შედეგები, რომელთა თანახმად, ენდრიუ კუომოსგან სექსუალურ შევიწროებას განიცდიდა 11 ქალი.

პრეზიდენტი ბაიდენი გამოძიებამდე აცხადებდა, რომ თუ ბრალდება დადასტურდება, კუომომ თანამდებობა უნდა დატოვოს. 3 აგვისტოს, ჯო ბაიდენმა თეთრ სახლში, ჟურნალისტებს უთხრა, რომ დღესაც იგივე პოზიცია აქვს. პრეზიდენტის თქმით, პროკურორის ანგარიში არ წაუკითხავს და მხოლოდ საბოლოო შედეგი იცის.

ნიუ-იორკის შტატის დემოკრატი გუბერნატორი, 63 წლის ენდრიუ კუომო შტატის ადმინისტრაციის რამდენიმე თანამშრომელმა ქალმა სექსუალურ შევიწროებაში მარტში დაადანაშაულა, რასაც თავად კუომო უარყოფდა და მხარს უჭერდა გამოძიების დაწყებას.

ორასამდე ადამიანის გამოკითხვის და ათასობით ფოტოს, ტექსტური შეტყობინების და დოკუმენტის შესწავლის საფუძველზე, გამოძიებამ დაასკვნა, რომ ენდრიუ კუომო ქალებს მათი ნებართვის გარეშე ეხებოდა, კოცნიდა და საკუთარ თავს აძლევდა სექსუალური შინაარსის უხამსი კომენტარების უფლებას. ნიუ-იორკის გენერალური პროკურორის, ლეტიშა ჯეიმსის განცხადებით, მსგავსი ქცევით გუბერნატორმა დაარღვია როგორც შტატის, ისე ფედერალური კანონები.

თავად ენდრიუ კუომომ ბრალდება ისევ უარყო. გუბერნატორის განცხადებით, მთელი შეგნებული ცხოვრება პუბლიკის თვალწინაა, შეუფერებელი ფორმით არასდროს არავის შეხებია და სექსუალურად არავინ შეუვიწროვებია.

ნიუ-იორკის შტატის პროკურატურის დამოუკიდებელი გამოძიების საფუძველზე, პოლიციას შეუძლია ენდრიუ კუომოს წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრას, ხოლო ადგილობრივ საკანონმდებლო ორგანოს უფლება აქვს გუბერნატორს იმპიჩმენტი გამოუცხადოს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG