Accessibility links

site logo site logo

აშშ-მა მხარი დაუჭირა საქართველოსთვის "ჯაველინის" ახალი პარტიის მიყიდვას


ამერიკული ტანკსაწინააღმდეგო "ჯაველინი"

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა მხარი დაუჭირა საქართველოსთვის ამერიკული ტანკსაწინააღმდეგო სისტემის, „ჯაველინის“ რაკეტების და შესაბამისი დანადგარების მიყიდვის შესაძლებლობას. საუბარია 30 მილიონი დოლარის შესყიდვაზე.

მიღებული გადაწყვეტილება აშშ-ის კონგრესს აცნობა თავდაცვითი უსაფრთხოების თანამშრომლობის სააგენტომ. მისი ინფორმაციით, საქართველოს მთავრობამ აშშ-ს მიმართა 82 რაკეტის და 46 მართვადი გამშვები დანადგარის შესაძენად.

სააგენტოს განცხადებით, ეს შეთავაზებული გაყიდვა მხარს დაუჭერს აშშ-ის საგარეო პოლიტიკას და ეროვნულ უსაფრთხოებას საქართველოს უსაფრთხოების განმტკიცების გზით. აშშ-ის თავდაცვითი უსაფრთხოების თანამშრომლობის სააგენტო აღნიშნავს, რომ საქართველო სტრატეგიული პარტნიორია, გადამწყვეტი წვლილი შეაქვს რეგიონის სტაბილურობასა და უსაფრთხოებაში და „ჯაველინის“ სისტემა მას დაეხმარება გრძელვადიან თავდაცვისუნარიანობასა და სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვაში. სააგენტოს თანახმად, საქართველოსთვის „ჯაველინის“ მიყიდვა რეგიონში ძირითად სამხედრო ბალანსს არ შეცვლის.

საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ პირველად 2017 წლის ნოემბერში გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომ აშშ-მა გადაწყვიტა საქართველოს მიჰყიდოს 75 მილიონი დოლარის ღირებულების, „ჯაველინის“ 410 რაკეტა და 72 მართვადი გამშვები დანადგარი.

2018 წლის იანვარში თავდაცვის სამინისტრომ გამოაცხადა, რომ აშშ-ისგან ტანკსაწინააღმდეგო სისტემის, „ჯაველინის“ შეძენის პირველი ეტაპი წარმატებით დასრულდა და სისტემა უკვე საქართველოშია. იმავე წლის 30 აპრილს, საქართველოს შეიარაღებული ძალების დღის აღნიშვნის ფარგლებში, ამერიკული მართვადი რაკეტები ვაზიანის ბაზაზე გამოფინეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG