Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცხინვალში დე ფაქტო დეპუტატებმა ბოიკოტი შეწყვიტეს


ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტის დეპუტატებმა 4 აგვისტოს ხმების უმრავლესობით (32-დან 19) დაამტკიცეს ემილია გაგიევას კანდიდატურა ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელის პოსტზე. როგორც სააგენტო „რეს"-ი იუწყება, 16 აგვისტოდან გაგიევა შეცვლის ბელა პლიევას, რომელიც ამ თანამდებობას ზედიზედ ოთხი ვადით იკავებდა.

მანამდე დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის პარლამენტი კვორუმის არარსებობის გამო ვერ იკრიბებოდა. ოპოზიციამ ბოიკოტი გამოუცხადა საპარლამენტო სხდომებს და არ ეთანხმებოდა ცესკოში საპარლამენტო კვოტის განაწილებას.

4 აგვისტოს გადაწყვეტილებით, ახალ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში შვიდი წარმომადგენელი პარლამენტმა დაამტკიცა: აქედან ორი წევრი ჰყავს მმართველ პარტიას „ედინაია ოსეტიას“, თითო-თითო წარმომადგენელი: „ხალხის ერთიანობას,“ „კომუნისტურ პარტიას“, „სახალხო პარტიას“, „ნიხასს " და დეპუტატების გაერთიანებას „სამართლიანობისთვის“.

მანამდე კი დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა ცესკოს შვიდი წევრი დანიშნა. შესაბამისად, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში უმრავლესობას ბიბილოვის კადრები წარმოადგენენ. ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ე.წ საპრეზიდენტო არჩევნები მომავალი წლის გაზაფხულზე გაიმართება.

XS
SM
MD
LG