Accessibility links

site logo site logo

თბილისში ოკუპაციის და ანექსიის გაგრძელებად შეაფასეს პრეზიდენტ პუტინის განკარგულება


საქართველო რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ოკუპაციისა და დე ფაქტო ანექსიის პოლიტიკის გაგრძელებად აფასებს პრეზიდენტ პუტინის მიერ ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმთან „ორმაგი მოქალაქეობისა და რუსეთის მოქალაქეობის მიღების გამარტივებული პროცედურის შესახებ შეთანხმების პროექტის“ დამტკიცებას.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, რუსეთის ფედერაციამ ჯერ კიდევ 2000-იანი წლების დასაწყისში დაიწყო საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების მოსახლეობის უკანონო, იძულებითი პასპორტიზაცია, 2008 წელს კი სწორედ ამ არალეგიტიმური პროცესით, უშედეგოდ შეეცადა საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული სამხედრო აგრესიის გამართლებას.

საგარეო საქმეთა სამინისტროს თანახმად, საერთაშორისო თანამეგობრობა ერთიანია რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების უკანონო პასპორტიზაციის პროცესის დაგმობაში და ამ პროცესს მიიჩნევს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის და საერთაშორისო სამართლის პრინციპების უხეშ შელახვად.

4 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა საკუთარი განკარგულებით მხარი დაუჭირა რუსეთსა და „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკას“ შორის შეთანხმების ხელმოწერას "ორმაგი მოქალაქეობის საკითხების მოსაგვარებლად" და ამ მიზნით შემუშავებულ წინასწარ პროექტს. შესაბამისი წინადადებით პუტინს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მიმართა. ე.წ. შეთანხმება 5-წლიანია და ვადის ამოწურვის შემდეგ ავტომატურად გაგრძელდება, თუ 6 თვით ადრე, რომელიმე მხარე მის შეჩერებას არ მოითხოვს.

რუსეთმა მის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონი ე.წ. დამოუკიდებელ, „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკად“ აგვისტოს ომის შემდეგ, 2008 წლის 26 აგვისტოს აღიარა, ისევე, როგორც აფხაზეთის.

რუსეთის მთავრობამ საქართველოს სეპარატისტული რეგიონების, აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის მცხოვრებთათვის რუსეთის მოქალაქეობის გამარტივებული წესით მიცემა ოკუპაციამდე და მათი ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარებამდე გაცილებით ადრე დაიწყო. საქართველოს ამ ორი რეგიონის მცხოვრებთა დიდ ნაწილს რუსეთის მოქალაქეობა უკვე აქვს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG