Accessibility links

site logo site logo

ამირან გამყრელიძე: ექიმი, რომელიც პაციენტს ეუბნება არ აიცრას, არღვევს ეთიკის კოდექსს


ამირან გამყრელიძე "სინოფარმის" ვაქცინით მაისში აიცრა

ექიმი, რომელიც პაციენტს ეუბნება, რომ არ უნდა აიცრას, ექიმთა ეთიკის კოდექსს არღვევს. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა. მას უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტებმა ჰკითხეს, არღვევენ, თუ არა სახელმძღვანელო პრინციპებს, ე.წ. გაიდლაინს ექიმები, რომლებიც პაციენტებს ეუბნებიან, რომ არ აიცრან, და იქნება, თუ არა რეაგირება ასეთ შემთხვევებზე.

„ეგეთი გაიდლაინი არ არსებობს. ეს არის ჩვენი, პირდაპირ გეტყვით, ექიმთა ეთიკური კოდექსის დარღვევა, ანუ იმ ფიცის, რასაც ჩვენ ვდებთ, როცა ვამთავრებთ სამედიცინო ინსტიტუტს - ჰიპოკრატეს ფიცის ადაპტირებული ვარიანტის, რომელიც დღეს გამოიყენება, როცა ექიმი ვხდებით“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მისი თქმით, როცა იცი, რომ აცრა ადამიანს შველის ძალიან მაღალი პროცენტით, მილიონობით ადამიანის სიცოცხლეს გადაარჩენს, გართულებებს პრევენციას უკეთებს და ამაზე უარს ამბობ, ეს ეთიკური კოდექსის დარღვევაა და ექიმები ამას არ უნდა აკეთებდნენ:

„რადგან ყველამ კარგად იცის, რომ აცრა, ვაქცინა და იმუნიზაცია შედის ყველაზე დიდ სამ აღმოჩენას შორის მედიცინაში, რომელმაც იხსნა მილიონობით ადამიანის სიცოცხლე და კიდევ დაიცავს მილიონობით ადამიანს“.

ამირან გამყრელიძემ მაგალითად მოიყვანა დიდი ბრიტანეთი, სადაც მოსახლეობის 60% აცრილია და მიუხედვაად იმისა, რომ კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები იქაც გაზრდილია, შემცირებულია გარდაცვალების მაჩვენებელი: "იგივე ხდება ისრაელში, გერმანიაში და ევროკავშირის სხვა ქვეყნებში, სადაც მოსახლეობის 47% ორჯერადად უკვე აცრილია".

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის თქმით, დღეს ქვეყანას აქვს 2 მილიონი ვაქცინა, მილიონი კიდევ შემოვა და ყველასთვის საკმარისი იქნება: „გავიკეთოთ ვაქცინა და ეს დაამთავრებს ამ პანდემიას!“

გასული დღის განმავლობაში საქართველოში აიცრა 20 845 ადამიანი. ეს ვაქცინაციის დაწყების შემდეგ აცრის ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელია. ქვეყანა ჯერჯერობით ვერ აღწევს სამიზნე - დღეში სულ მცირე 25 ათასი აცრის მაჩვენებელს. 15 მარტიდან გაკეთებულია 564 691 აცრა. სრულად, ორივე დოზით აცრილია 178 077.

საქართველოში ვაქცინაცია მიმდინარეობს "სინოფარმის", "სინოვაკის", "ფაიზერის" და "ასტრაზენეკას" ვაქცინებით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG