Accessibility links

site logo site logo

ამირან გამყრელიძე: დღეში 25-30 ათასი აცრით ეპიდემიას სერიოზულად შევაჩერებთ


საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ აგვისტო, სექტემბერ, ოქტომბრის განმავლობაში ვაქცინაციის პროცესის გააქტიურების შემთხვევაში ეპიდემიის შეჩერება შესაძლებელია. კერძოდ, ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ ამ მიზნის მისაღწევად მიმდინარე სამი თვის განმავლობაში ყოველდღიურად 25 000-დან 30 000-მდე ადამიანი უნდა აიცრას.

„საუკეთესო იქნება თუ ავედით 31 000- 33 000 ათას აცრამდე, მაგრამ კარგი იქნება თუ საშუალოდ ავედით 25-26 000 აცრამდე დღის განმავლობაში. ეს მიღწევადია და ამიტომ ხშირად ვამბობთ, რომ აგვისტო სექტემბერი ოქტომბერი ამ თვალსაზრისით არის კრიტიკული და თუ ჩვენ გავაკეთებთ და მივაღწევთ ამას, რომ დღეში გვექნება 25-30-მდე აცრა სამი თვის განმავლობაში ეპიდემიას ნამდვილად შევაჩერებთ სერიოზულად და დავაგდებთ სერიოზულად ეპიდემიის განვითარების ტემპს“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.

ჟურნალისტებთან საუბარში მან აღნიშნა, რომ ვაქცინაციის პროცესში გამორჩეული იყო 5 აგვისტოს მონაცემები, როდესაც 20 845 ადამიანის აცრით ამ დროისათვის არსებული მაქსიმუმი დაფიქსირდა. ამირან გამყრელიძის თანახმად, აქედან ყველაზე მეტი 12 658 ადამიანი ფაიზერით აიცრა, 612 ადამიანი აიცრა ასტრაზენეკათი, 6910 სინოფარმით და 665 სინოვაკით. აცრის პროცესში ამ დროისათვის ქვეყნის მასშტაბით 182 სამედიცინო ცენტრი და 332 ბრიგადაა ჩართული. ამირან გამყრელიძის განმარტებით, მათი გამტარიანობა დღეში 24 320 აცრაა, თუმცა რესურსი არის და ყოველდღიურად იზრდება ვაქცინაციის კაბინეტებისა და სივრცეების რაოდენობა.

საქართველოში, გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 38 პაციენტი. ბოლო 24 საათში გამოვლენილია კორონავირუსის 3670 შემთხვევა, 2626-ით გაიზარდა კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვი. 15 მარტიდან გაკეთებულია 564 691 აცრა. სრულად, ორივე დოზით აცრილია 178 077.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG