Accessibility links

site logo site logo

ლუკაშენკამ განკარგულება გასცა, დაიცვან "საზღვრის ყოველი მეტრი"


ბელარუსის ლიდერმა ალიაქსანდრ ლუკაშენკამ ძალოვან უწყებებს უბრძანა, გააძლიერონ მუშაობა სახელმწიფო საზღვრის დასაცავად. ამის შესახებ იტყობინება საინფორმაციო სააგენტო BelTA. ეს გადაწყვეტილება მიღებულ იქნა მიგრაციასთან დაკავშირებული კრიზისის გამო.

„დღეიდან ბელარუსის ტერიტორიაზე მეზობელი ქვეყნიდან - გნებავთ სამხრეთიდან, გნებავთ დასავლეთიდან - არავინ უნდა შემოდგას ფეხი... ჩაკეტეთ საზღვრის ყოველი მეტრი. ტყუილად არ ჩავდეთ კოლოსალური სახსრები სასაზღვრო ჯარებში, საერთოდ ჩვენს ძალოვან სტრუქტურებში. ჩვენმა ხალხმა მშვიდად უნდა იგრძნოს თავი, მან უნდა იცოდეს, რომ არსებობენ კაცები, რომლებიც მზად არიან, დაიცვან ის,“ განაცხადა ლუკაშენკამ საზღვარზე შექმნილი ვითარების თაობაზე გამართულ თათბირზე.

ამავე დროს მან ლიეტუვასა და პოლონეთს საზღვარზე პროვოკაციებში დასდო ბრალი და დასძინა, რომ დასავლეთის ქვეყნები, როცა მათ არ გამოუვიდათ ბელარუსში „ე.წ. ფერადი რევოლუციის შვიდი თუ რვა ეტაპის ჩატარება“, „შანტაჟისა და ზეწოლის ტაქტიკას“ დაუბრუნდნენ.

ზაფხულში ლიეტუვამ განაცხადა, რომ მკვეთრად გაიზარდა ლტოლვილთა რაოდენობა, რომლებიც ბელარუსის ტერიტორიის გავლით გადადიან ევროკავშირში. მიგრანტთა უმრავლესობა თურქეთიდან და ერაყიდან ჩავიდა მინსკში. ლიეტუვის ხელისუფლებამ საგანგებო ვითარების რეჟიმი გამოაცხადა და ბელარუსთან საზღვარზე მავთულხლართების კედლის აღმართვა დაიწყო.

ევროკავშირი აცხადებს, რომ სტრუქტურებს, რომლებიც მიგრანტთა ნაკადებისა და არალეგალთა გადაყვანის ორგანიზებას ეწევიან, ბელარუსის ხელისუფლება მფარველობს. ლიეტუვის ხელისუფლების თქმით, მინსკი ლტოლვილებს ევროკავშირზე პოლიტიკური ზეწოლისთვის იყენებს ალიაქსანდრ ლუკაშენკას რეჟიმის წინაღმდეგ სანქციების დაწესების გამო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG