Accessibility links

site logo site logo

გაგა ჩხეიძე ქართველ კინემატოგრაფისტებს მოუწოდებს ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერისკენ


გაგა ჩხეიძე

უსაფუძვლოსა და არაარგუმენტირებულს უწოდებს საქართველოს ეროვნული კინოცენტრის დირექტორი გაგა ჩხეიძე კინოცენტრის მისამართით გამოთქმულ კრიტიკას. ჩხეიძე განცხადებაში, რომელსაც კინოცენტრი ავრცელებს, მიუთითებს, რომ საუბრობენ მის გაუქმებაზე ან რეორგანიზაციაზე.

„ამ ბოლო დროს მასმედიის საშუალებებში აქა-იქ გაისმა კრიტიკა, თითქოს კინოცენტრმა თავისი თავი ამოწურა. კრიტიკოსები ეჭვქვეშ აყენებენ მის დადებითი როლს კინოინდუსტრიაში და საუბრობენ მის გაუქმებაზე ან რეორგანიზაციაზე. ყველა ეს ბრალდება სრულიად უსაფუძვლო და არაარგუმენტირებულია, აშკარად ჩანს, რომ კინოცენტრის კრიტიკოსებს არ აქვთ არც ალტერნატიული კონცეფცია, არც რეორგანიზაციის კონკრეტული გეგმა, არც რამე სხვა იდეა.

სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ დაფინანსების არსებულ სისტემაზე და ეროვნულ კინოცენტრზე უარის თქმა გამოიწვევს ქართული კინოინდუსტრიის კოლაფსს", - აცხადებს გაგა ჩხეიძე.

ეროვნული კინოცენტრის დირექტორი მიუთითებს ორგანიზაციის მცირე დაფინანსების შესახებ.

„მოვუწოდებ ქართველ კინემატოგრაფისტებს, მხარში ამოუდგნენ ეროვნულ კინოცენტრს, გაერთიანებული ძალებით იზრუნონ მის როგორც ინსტიტუციონალურ, ისე ფინანსურ გაძლიერებაზე. ეროვნულ კინოცენტრს დღეს რამდენიმე ძირითადი მოთხოვნა აქვს. მათგან უმთავრესია ბიუჯეტის რადიკალური გაზრდა, რადგან ქართული კინოწარმოებისთვის დღეს გამოყოფილი სრულიად არაადექვატური დაფინანსება ვერ აკმაყოფილებს კინოსექტორის მზარდ მოთხოვნებს. არანაკლებ მნიშვნელოვანია, ეროვნულ კინოცენტრს ჰქონდეს საკუთარი შენობა, რომელიც მორგებული იქნება მის საქმიანობაზე, ექნება კინოდარბაზი, კინობიბლიოთეკა, ფილმოთეკა, საკონფერენციო დარბაზი, და აქედან გამომდინარე, მიმზიდველ სივრცედ იქცევა ყველა კინემატოგრაფისტისთვის", - აცხადებს გაგა ჩხეიძე.

საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი არის კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსთან არსებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც შეიქმნა „ეროვნული კინემატოგრაფიის სახელმწიფო მხარდაჭერის შესახებ” 2000 წლის 5 დეკემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე და ამოქმედდა 2001 წლის აპრილში.

დაარსებიდან დღემდე კინოცენტრმა დააფინანსა 140-მდე ფილმი რამდენიმე მილიონი ლარის ინვესტიციით, საქართველო წარმოადგინა საერთაშორისო კინოფესტივალებსა და ბაზრობებზე, გამოსცა არაერთი პუბლიკაცია კინოს შესახებ, მონაწილეობა მიიღო საქართველოში კინოხელოვნების პოპულარიზაციისკენ მიმართული პროექტების დაფინანსებაში.

კინოცენტრის ვებგვერდზე აღნიშნულია, რომ ფილმების სუბსიდირების პრინციპები:

  • კინოცენტრის დირექტორი ქმნის საკონკურსო კომისიებს;
  • კომისიებში შედიან სექტორის წარმატებული მოღვაწეები, რომელთა საქმიანი რეპუტაცია და კომპეტენცია იმსახურებს ნდობას;
  • საქმიანობასა და გადაწყვეტილებებში კომისია დამოუკიდებელია, არ ერევა კინოცენტრის დირექტორი და კულტურის მინისტრი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG