Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კრისცინა ციმანოუსკაიას თქმით, ბელარუსში მაშინ ჩავა, როცა იქ თავს უსაფრხოდ იგრძნობს


კრისცინა ციმაოუსკაია პრესკონფერენციაზე. უკან: პავალ ლატუშკა. ვარშავა, 5 აგვისტო.
კრისცინა ციმაოუსკაია პრესკონფერენციაზე. უკან: პავალ ლატუშკა. ვარშავა, 5 აგვისტო.

ბელორუსმა მორბენალმა კრისცინა ციმანოუსკაიამ, რომელიც ბელარუსის ჩინოვნიკების კრიტიკის გამო ოლიმპიური თამაშებიდან მოხსნეს და მისი ნების საწინააღმდეგოდ შეეცადნენ ტოკიოდან მის წაყვანას, ვარშავაში პრესკონფერენცია გამართა.

ციმანოუსკაიამ თქვა, რომ პოლონეთში თავს უსაფრთხოდ გრძნობს. მალე მასთან უნდა ჩავიდეს მეუღლე, რომელიც მანამდე ბელარუსიდან უკრაინაში გაემგზავრა. ამის შემდეგ ისინი შეძლებენ გადაწყვიტონ, რამდენ ხანს დარჩებიან პოლონეთში. სპორტსმენის თქმით, ის მზადაა დაბრუნდეს ბელარუსში, თუკი დარწმუნებული იქნება, რომ იქ საფრთხე არ დაემუქრება.

ბელარუსის ოპოზიციის საკოორდინაციო საბჭოს პრეზიდიუმის წევრმა, პავალ ლატუშკამ, რომელიც ციმანოუსკაიას პრესკონფერენციაში მონაწილეობდა, თქვა, რომ 6 აგვისტოს განიხილავენ, რამდენად კანონიერია ბელარუსის გადაწყვეტილება, ოლიმპიური თამაშებისთვის ჩამოეშორებინა ციმანოუსკაია. სპორტსმენის ინტერესებს წარმოადგენენ იაპონელი ადვოკატი და „ბელარუსის სპორტული სოლიდარობის ფონდი“.

1 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ ბელარუსის სპორტულმა ჩინოვნიკებმა ციმანოუსკაია ოლიმპიადიდან მოხსნეს და მას სამშობლოში დაბრუნება მოსთხოვეს. მაგრამ ტოკიოს აეროპორტში მისულმა სპორტსმენმა პოლიციას მიმართა დახმარებისთვის და თქვა, რომ ქვეყნიდან მის ძალით გაყვანას ცდილობენ. მან განაცხადა, რომ სამშობლოში დევნის ეშინია და პოლიტიკური თავშესაფრის მოთხოვნას აპირებს.

მას შემდეგ, რაც საქმე გახმაურდა, ციმანოუსაიამ ტოკიოს დატოვება მოახერხა. პოლონეთმა მას ჰუმანიტარული ვიზა მისცა. პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს თქმით, სპორტსმენი შეძლებს მხარდაჭერის მოპოვებას და კარიერის გაგრძელებას ვარშავაში. საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა ციმანოუსკაიას გარშემო შექმნილი ვითარების გამოძიება დაიწყო. დასავლეთის ქვეყნებმა, მათ შორის აშშ-მა, ბელარუსის ხელისუფლება სპორტსმენებზე ზეწოლასა და ოლიმპიური პრინციპების დარღვევაში დაადანაშაულეს.

2 აგვისტოს ციმანოუსკაიას მონაწილეობა უნდა მიეღო 200 მეტრზე სირბილში. მანამდე მან მწვრთნელები გააკრიტიკა იმისთვის, რომ ის ყოველგვარი განხილვის გარეშე ჩართეს 400 მეტრზე ესტაფეტაში, რომელზეც არ არის სპეციალიზებული. ციმანოუსკაიას ორი თანაგუნდელი შეჯიბრზე არ დაუშვეს, ვინაიდან მათ დოპინგის საკმარისი რაოდენობის ტესტი არ ჰქონდათ ჩაბარებული. სპორტსმენებმა ბელარუსის ეროვნულ ნაკრებს ბრალი დასდეს შეცდომებში, რომელთა გამო საბოლოოდ მათ საშუალება არ მიეცათ, გამოსულიყვნენ ოლიმპიადაზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG