Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კელი დეგნანი რუსეთის განცხადებაზე: მნიშვნელოვანია, ჯარები გაიყვანოს საქართველოდან


აშშ-ის ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი ეხმიანება რუსეთის განცხადებას და ამბობს, რომ მნიშვნელოვანია, ჯერ ამ ქვეყნის ჯარებმა საქართველოს ტერიტორია დატოვონ. იგულისხმება განცხადება, სადაც საუბარი იყო ურთიერთობის აღდგენაზე.

"ასეთი ტიპის გზავნილები რუსეთის მხრიდან ქართველებს ადრეც მოუსმენიათ. ასეთი გზავნილები რომ მნიშვნელოვნად აღიქვას საქართველომ, მნიშვნელოვანია, რომ რუსეთმა გაიყვანოს თავისი ჯარები საქართველოს ტერიტორიებიდან, წაიღოს უკან ცხინვალის რეგიონისა და აფხაზეთის აღიარება და გახსნას ჰუმანიტარული დერეფნები... ეს არის ძირითადი წინაპირობა", - განაცხადა ელჩმა.

5 აგვისტოს, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრის ინფორმაციის და პრესის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, ალექსანდრ ბიკენტოვმა მოსკოვში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ რუსეთს არასდროს დაუსვამს ტოლობის ნიშანი „დამნაშავე რეჟიმსა“ და ქართველ ხალხს შორის და მზად არის ქვეყნებს შორის ურთიერთობების აღსადგენად იმ დონეზე, რამდენადაც ამისთვის მზად არის ქართული მხარე. ბიკენტოვმა იმედი გამოთქვა, რომ „თბილისში საღი აზრი გაიმარჯვებს და ქართველი პარტნიორები დაიწყებენ მეზობლებთან ურთიერთობების აშენებას ინტერესთა ბალანსის გათვალისწინებით“. ბიკენტოვის თანახმად, ეს ეხება „თბილისის საგარეო კურატორებსაც“, რომლებმაც „რეალობისგან მოწყვეტილი თეზისების დაშტამპვის ნაცვლად, თბილისს სტიმული უნდა მისცენ სოხუმსა და ცხინვალთან თანასწორუფლებიანი და ურთიერთპატივისცემაზე დამყარებული დიალოგისთვის“. ბიკენტოვმა დასავლეთის ქვეყნებს ურჩია, უარი თქვან „აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საქართველოში რეინტეგრაციის უპერსპექტივო ხაზზე“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG