Accessibility links

site logo site logo

თალიბანმა იკისრა ავღანეთის მედიის მაღალი რანგის წარმომადგენლზე თავდასხმისთვის პასუხისმგებლობა


ავღანეთის ინფორმაციის და მედიის ცენტრის ხელმძღვანელის, დავა ხან მენაპალის მანქანა მასზე თავდასხმის შემდეგ. 2021 წლის 6 აგვისტო

ქაბულში მოკლეს ავღანეთის მასმედიის მაღალი რანგის წარმომადგენელი.

თალიბანმა იკისრა პასუხისგებლობა ავღანეთის ინფორმაციის და მედიის ცენტრის ხელმძღვანელის, დავა ხან მენაპალის მოკვლისთვის. თავდასხმა, რომელიც ქაბულში მოხდა 6 აგვისტოს, ბოლო ინციდენტია, რომელიც ადასტურებს, რომ თალიბანმა სამიზნეში ამოიღო ავღანეთის მთავრობის წარმომადგენლები.

თალიბანის წარმომადგენელმა, ზაბიულა მუჯაჰიდმა, განაცხადა, რომ თალიბანმა იკისრა პასუხიმგებლობა მომხდარისთვის, რის შესახებაც ტექსტური შეტყობინება გაუგზავნა რადიო თავისუფლების ავღანურ სამსახურს და ამცნო, რომ ეს არის „გამიზნული თავდასხმა“.

თავდასხმა მოხდა მაშინ, როცა გაეროს უშიშროების საბჭო აპირებს განიხილოს ავღანეთში უსაფრთხოების თემა. ავღანეთის წარმომადგენლობამ საკითხის განხილვა მოითხოვა ესტონეთსა და ნორვეგიასთან ერთად.

ავღანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის, მირვაის სტანიქზაის განცხადებით: „სამწუხაროდ, სასტიკმა ტერორისტებმა მუხანათური თავდასხმა მოუწყვეს და მოკლეს პატრიოტი ავღანელი“.

ამ შემთხვევას წინ უსწრებდა თავდასხმები თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელსა და ავღანეთის დაზვერვის შენობაზე. თალიბანის მეთაურებმა განაცხადეს, რომ სამთავრობო მოხელეებზე მოაწყობენ თავდასხმებს ავღანეთის და აშშ-ის ავიაციის საჰაერო იერიშების საპასუხოდ.

გაერომ და ჰუმანიტარულმა ორგანიზაციებმა განგაში გამოაცხადეს მკვლელობების გამო, რომელსაც თალიბანი შურისძიების მიზნით სჩადის მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ. თალიბანის ჯარები სულ უფრო მეტ ტერიტორიას იკავებენ. ცნობებით, მათ ხელშია ქვეყნის უდიდესი ნაწილი.

საბრძოლო მოქმედებები თალიბანსა და მთავრობის არმიას შორის გამწვავდა ბოლო კვირებში აშშ-ის და უცხოეთის ქვეყნების ჯარების ამ ქვეყნიდან საბოლოო გაყვანის წინ, რაც აგვიტოს ბოლოს უნდა დასრულდეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG