Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შეერთებულმა შტატებმა მოუწოდა ირანს, "მალე" დაუბრუნდეს ბირთვულ მოლაპარაკებებს


 აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი ნედ პრაისი.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი ნედ პრაისი.

შეერთებულმა შტატებმა 5 აგვისტოს ირანს 2015 წლის ბირთვული შეთანხმების განახლების შესახებ მოლაპარაკებებზე დაბრუნებისკენ მოუწოდა, მას შემდეგ, რაც ახალმა, მკაცრი ხაზის მომხრე პრეზიდენტმა, ებრაჰიმ რაისიმ, განაცხადა, რომ ის მოიძიებს დიპლომატიურ გზებს სანქციების დასასრულებლად.

"ჩვენ მოვუწოდებთ ირანს, მოკლე ხანში დაუბრუნდეს მოლაპარაკებებს", - განაცხადა ბრიფინგზე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა, ნედ პრაისმა, რომელმაც თქვა: "ჩვენთვის ეს გადაუდებელი პრიორიტეტია".

ადრე, 5 აგვისტოს, რაისიმ თავის საინაუგურაციო სიტყვაში გააკეთა მოწოდება სანქციების გაუქმებისკენ. პრაისმა განაცხადა, "თუკი პრეზიდენტ რაისის განზრახვა - მიაღწიოს სანქციების გაუქმებას - გულწრფელია, მაშინ ეს სწორედ ის არის, რაც მოლაპარაკებების მაგიდაზე დევს ვენაში", სადაც ბირთვული შეთანხმების განახლების შესახებ მიმდინარეობს მოლაპარაკებები.

შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი, შეთანხმებიდან გამოვიდა და, ამასთანავე, კვლავ მძიმე სანქციები დააწესა, რამაც დიდი ზიანი მიაყენა ირანის ეკონომიკას.

შეთანხმების "შესრულებისკენ ორმხრივი დაბრუნების მიღწევის შესაძლებლობა სამუდამოდ არ გასტანს", - განაცხადა პრაისმა "ერთობლივ ყოვლისმომცველ მოქმედების გეგმაზე" ( JCPOA) შეთანხმებასთან დაკავშირებით, რომელიც შემოკლებული ფორმით მოიხსენია.

მოლაპარაკება ვენაში ჩიხში შევიდა ექვსი რაუნდის შემდეგ. ბირთვული შეთანხმების შესახებ ირანის მხრიდან მთავარმა მომლაპარაკებელმა გასულ თვეში განაცხადა, რომ შემდეგი რაუნდი უნდა გადაიდოს იქამდე, სანამ რაისი არ შეუდგება მოვალეობის შესრულებას.

XS
SM
MD
LG