Accessibility links

site logo site logo

კელი დეგნანი 19 აპრილის შეთანხმებაზე: იგი კვლავ რჩება მნიშვნელოვან დოკუმენტად რეფორმებისთვის


კელი დეგნანი, აშშ-ის ელჩი საქართველოში

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი კელი დეგნანი ამბობს, რომ 19 აპრილის შეთანხმებაში გათვალისწინებული რეფორმები ხელს შეუწყობს ქვეყნის განვითარებას და ამიტომ იგი რჩება დოკუმენტად იმ რეფორმებისთვის, რომლებიც საქართველოს სჭირდება:

„როგორც დაგეგმილია, არჩევნები საქართველოში 2 ოქტომბერს გაიმართება. ახლა ნაადრევია იმაზე საუბარი, რა შეიძლება იყოს ამ არჩევნების შემდეგ. მე ვიტყოდი, რომ 19 აპრილის შეთანხმება ექვსთვიანი მოლაპარაკებების შედეგად იქნა მიღებული და მასში საქართველოს პოლიტიკური ლიდერები მონაწილეობდნენ. ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ეს მოლაპარაკებები 6 თვის განმავლობაში გაგრძელდა, იყო ის, რომ იგი შესაბამისობაში ყოფილიყო საქართველოს კონსტიტუციასთან და არის კიდეც იგი შესაბამისობაში კანონსა და კონსტიტუციასთან. შეთანხმება კვლავ წარმოადგენს ძალიან მნიშვნელოვან და სასარგებლო გზამკვლევს იმ რეფორმებისათვის, რომლებიც საქართველოს სჭირდება უახლოესი თვეების განმავლობაში. 19 აპრილის შეთანხმების ყველაზე მნიშვნელოვანი ღირებულება მისი მრავალპარტიულობა იყო. საქართველოს თითქმის ყველა პოლიტიკურმა ლიდერმა მოაწერა მას ხელი და ყველა მათგანი მონაწილეობდა ამ გზამკვლევში წარმოდგენილ რეფორმებთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებში. ასე რომ, მე ვფიქრობ, რომ შეთანხმება ჯერ კიდევ არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩარჩო იმ რეფორმებისთვის, რომლებიც მომავალში უნდა განხორციელდეს“, - უთხრა ჟურნალისტებს კელი დეგნანმა.

28 ივლისს პარტიამ "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო" ანულირებულად გამოაცხადა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის ინიციატივით ოპოზიციის ნაწილთან 19 აპრილს მიღწეული შეთანხმება.

შეთანხმებას, რომელიც ითვალისწინებს კონსენსუსის საფუძველზე საარჩევნო და სასამართლო რეფორმებს, პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმულ საკითხებზე რეაგირებას და პარლამენტში ძალაუფლების განაწილებას, ხელი არ მოაწერეს "ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" და მასთან ერთად საარჩევნო ბლოკში მყოფმა პარტიებმა, ასევე, "ევროპულმა საქართველომ" და "ლეიბორისტულმა პარტიამ". შეთანხმება მოიცავს დათქმასაც, რომ თუ 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებში "ქართული ოცნება" ხმების 43%-ზე ნაკლებს მიიღებს, 2022 წელს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები დაინიშნება.

მმართველ პარტიაში "მიშელის შეთანხმების" ანულირების გადაწყვეტილება იმით ახსნეს, რომ შეთანხმების მთავარი მიზანი იყო პოლარიზაციის და რადიკალიზაციის შემცირება, რაც ვერ მოხერხდა და მთავარი ოპოზიციური პარტია "ნაციონალური მოძრაობა" შეთანხმებას არ შეუერთდა.

"ქართული ოცნების" გადაწყვეტილება ოპოზიციამ შეაფასა ქვეყნის დასავლური კურსის შეცვლად. შარლ მიშელის შეთანხმებიდან ცალმხრივად გასვლა კრიტიკულად შეაფასეს საერთაშორისო პარტნიორებმაც, კერძოდ აშშ-ისა და ევროკავშირის წარმომადგენლებმა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG