Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნავალნი და მისი ცოლი აღწერენ რუსეთის საპატიმრო დაწესებულებაში გატარებულ „ხანგრძლივ პაემანს"


კრემლის კრიტიკოსის, საპატიმროში მყოფი ალექსეი ნავალნის, მეუღლემ დაასრულა ე.წ. ხანგრძლივი პაემანი თავის ქმართან მისი ბოლო დაპატიმრებიდან ექვსი თვის თავზე. მსგავსმა სტუმრობამ შეიძლება სამ დღემდე გასტანოს რუსული პენიტენციური სისტემის საგანგებო საპატიმრო დაწესებულებაში და ყველა პატიმარს აქვს ამის უფლება დაპატიმრებიდან ექვსი თვის შემდეგ.

ნავალნიმ, რომელიც ექვსი თვეა პატიმრობაში იმყოფება ქალაქ პოკროვში, მოსკოვიდან აღმოსავლეთით, დაახლოებით 100 კილომეტრში, 5 აგვისტოს ინსტაგრამში გამოაქვეყნა ფოტო, სადაც ფართოდ იღიმება და თავის ცოლს, იულიას, ეხვევა.

"ჩვენ ისე გავაკეთეთ, თითქოს "აგარაკზე" ერთად გვევახშმა. და გუშინ ვიჯექი, სრულიად ბედნიერი, ვუყურებდი მჟაუნას ბორშჩით სავსე ქვაბს (ეს ჩვენს ოჯახში კულტია) და შემწვარი კარტოფილით სავსე ტაფას", - თქვა ნავალნიმ ინსტაგრამზე.

იულია ნავალნაიამ, რომელსაც სამი დღით დარჩენის უფლება მისცეს, ასევე ინსტაგრამი გამოიყენა თავისი სტუმრობის შესახებ პოსტისთვის. "მე რაღაც დრო ციხეში გავატარე. რა მაგარია!", - დაწერა მან და თქვა, რომ მისი ქმარი, რომელიც 24 დღის განმავლობაში შიმშილობდა აპრილში, გამხდარი, მზემოკიდებული და გაღიმებული იყო, როცა მასთან შესახვედრად გამოიყვანეს საპატიმრო ტანსაცმელში.

ნავალნი იანვარში დააპატიმრეს, როცა გერმანიიდან დაბრუნდა, სადაც ხუთი თვე გაატარა, რათა გამოჯანმრთელებულიყო გასული წლის აგვისტოში ნერვული აგენტით მოწამვლისგან, რაშიც ის კრემლს ადანაშაულებს. ამ ბრალდებებს რუსი ოფიციალური პირები უარყოფენ.

მოსკოვის სასამართლომ თებერვალში, მას გაფლანგვის ბრალდებით სამ-ნახევარი წლის ვადით პირობითი პატიმრობა რეალური პატიმრობით შეუცვალა და განაცხადა, რომ რუსეთის დატოვებით - როცა ის სიცოცხლის გადასარჩენად მკურნალობდა გერმანიაში - მან დაარღვია თავდაპირველი განაჩენის პირობები. სასამართლომ განაჩენი ორწელიწად-ნახევრამდე შეამცირა იმ დროის გამო, რომელიც მას უკვე გატარებული ჰქონდა პატიმრობაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG