Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საგარეო უწყება: 13 წლის შემდეგ რუსეთი აგრესიულ და დესტრუქციულ პოლიტიკას აგრძელებს


გუგუტიანთკარი, 7 აგვისტო, 2021 წელი
გუგუტიანთკარი, 7 აგვისტო, 2021 წელი

აგვისტოს ომის 13 წლისთავის აღნიშვნა, შიდა ქართლში საოკუპაციო ხაზთან მისვლით დაიწყო. სოფელ გუგუტიაანთკარში საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია ჩავიდა და ადგილზე გაეცნო არსებულ ვითარებას.

ზუსტად ორი წლის წინ, 2019 წლის 7 აგვისტოს, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა გუგუტიაანთკარში მანამდე არსებული ძველი საოკუპაციო ხაზი თავადვე დაარღვიეს და ახალი საოკუპაციო ღობე გაავლეს.

ადგილობრივი მცხოვრების, გივი რაზმაძის სახლი და მიწის ნაკვეთი ამ ახალი ხაზის მიღმა დარჩა მოქცეული. გუგუტიშვილების ნახევრად დანგრეულ სახლთან კი, ახალი გამყოფი ხაზია მონიშნული.

რუსეთის აგრესიული პოლიტიკის შესახებ სწორედ ამ სახლთან გააკეთა კომენტარი ლაშა დარსალიამ.

„13 წლის შემდეგ, სამწუხაროდ, კვლავ გრძელდება საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია. კვლავ გრძელდება აგრესიული და დესტრუქციული პოლიტიკა რუსეთის ფედერაციის მხრიდან. რუსეთისთვის ოკუპირებული ტერიტორიები პირველ რიგში ზეწოლის ინსტრუმენტია. ეს არის იარაღი, რომელსაც ის იყენებს მთლიანად საქართველოს წინააღმდეგ. ე.წ ბორდერიზაცია, უკანონო დაკავებები, ადამიანის უფლებების მძიმე მდგომარეობა - მოლაპარაკებების პროცესშიც ჰუმანიტარული საკითხები რუსეთისთვის სავაჭრო ინსტრუმენტია“, - განაცხადა ლაშა დარსალიამ.

გარდა ამისა, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, სპეციალური სამთავრობო კომისიის ფარგლებში, მთელი საქართველოს მასშტაბით მართავს შეხვედრებს იძულებით გადაადგილებულ პირებთან და არასამთავრობო სექტორის იმ წარმომადგენლებთან, რომლებიც ოკუპაციის, ადამიანის უფლებებისა და სამშვიდობო პოლიტიკის თემებზე მუშაობენ. ასეთი შეხვედრა დღეს გორშიც გაიმართა.

აგვისტოს ომის მე-13 წლისთავის აღნიშვნა 7 აგვისტოს სოფელ ერგნეთში გაგრძელდება. აგვისტოს ომის მუზეუმში ომის ფოტოების გამოფენა მოეწყობა.

აგვისტოს ომის მე-13 წლისთავთან დაკავშირებით 7 აგვისტოს განცხადება გავრცელდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელითაც.

„ცამეტი წლის წინ რუსეთის ფედერაციამ სწორედ საქართველოში განახორციელა სუვერენული ქვეყნების ტერიტორიული მთლიანობისა და საერთაშორისოდ აღიარებული სახელმწიფო საზღვრების შელახვის აგრესიული პოლიტიკის აპრობირება, რამაც სერიოზული საფრთხე შეუქმნა ევროპულ და ტრანსატლანტიკურ უსაფრთხოებას და ძირი გამოუთხარა წესებზე დაფუძნებულ საერთაშორისო წესრიგს.

2008 წლის აგვისტოში რუსეთის სრულმასშტაბიანი ინტერვენცია საქართველოში საჰაერო, სახმელეთო, საზღვაო გზით და კიბერთავდასხმებით ისევე, როგორც ბოლო ცამეტი წლის განმავლობაში საქართველოს ტერიტორიების მიმდინარე უკანონო ოკუპაცია, მათი დე-ფაქტო ანექსიისაკენ გადადგმული ნაბიჯები და საოკუპაციო ხაზზე გააქტიურებული ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი უხეშად ლახავს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ ნორმებსა და პრინციპებს, გაეროს წესდებასა და ჰელსინკის დასკვნით აქტს“, - აცხადებს საგარეო უწყება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG