Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავსტრიაში სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს ბლოგერ უმაროვის მკვლელობაში ბრალდებულ ჩეჩენს


მამიხან უმაროვი
მამიხან უმაროვი

ავსტრიის ქალაქ კორნოიბურგის სასამართლომ ბლოგერ მამიხან უმაროვის მკვლელობაში დამნაშავედ ცნო 48 წლის ჩეჩენი, სარალი ახატაევი და მას უვადო პატიმრობა მიუსაჯა.

თავშესაფრის მაძიებელი, ჩეჩნეთის ამჟამინდელი ლიდერის, რამზან კადიროვის კრიტიკოსი მამიხან უმაროვი, 2019 წლის 4 ივლისს ცეცხლსასროლი იარაღიდან მოკლეს ვენის შემოგარენში, გერასდორფში მდებარე სავაჭრო ცენტრთან ახლოს. მკვლელობამდე რამდენიმე დღით ადრე უმაროვმა რამზან კადიროვის შეურაცხმყოფელი ვიდეომიმართვა ჩაწერა.

მამიხან უმაროვის ნათესავებმა, მათ შორის მოკლულის ბიძამ ვახა უმაროვმა და დედის მხრიდან ბიძამ, ლომ-ალი უსმანოვმა ვიდეომიმართვაში პატიება სთხოვეს ჩეჩნეთის ხალხსა და რესპუბლიკის მეთაურს.

„ყველაფერი შეურაცხმყოფელი, რასაც ის ამბობდა, ჩვენ საწინააღმდეგოდ იყო ნათქვამი“, - დაამატეს მათ.

ბლოგერის მკვლელობის საქმეზე ბრალდებით ავსტრიის პოლიციამ ორი ეჭვმიტანილი - სარალი ახტაევი და სალმან მაგამადოვი დააკავა.

მსჯავრდებულმა ახტაევმა დანაშაული უარყო და განაცხადა, რომ ნამდვილი დამნაშავე მიმალვაში იმყოფება.

43 წლის უმაროვი დევნილის სტატუსით მრავალი წლის განმავლობაში ცხოვრობდა ავსტრიაში, სადაც პოლიტიკური თავშესაფრი მოითხოვა. ჩეჩენთში მეორე საომარი კამპანიის დაწყებამდე უმაროვი სეპარატისტული იჩქერიის უშიშროების სამინისტროში მუშაობდა. იგი აკრიტიკებდა რამზან კადიროვს და აცხადებდა, რომ ევროპაში მცხოვრებ ჩეჩნებზე თავდასხმებისა და მკვლელობების უკან რუსეთის სპეცსამსახურები დგანან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG