Accessibility links

site logo site logo

ლიეტუვა 300 ევროს დაჰპირდა უკანონო მიგრანტებს ქვეყნიდან წასვლის თანხმობის სანაცვლოდ


მიგრანტები 300 ევროს უშუალოდ თვითმფრინავში ასვლის შემდეგ მიიღებენ

ლიეტუვის ხელისუფება 300 ევროს გადახდას ჰპირდება ქვეყანაში მყოფ არალეგალ მიგრანტებს, თუ ისინი ქვეყნიდან გამგზავრებას დათანხმდებიან. ამის შესახებ რადიოსადგურ LRT-ს განუცხადა ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის უფროსმა, ეველინა გუდზინსკაიტემ, რომელმაც განმარტა, რომ მიგრანტები დაპირებულ თანხას ნაღდი ფულის სახით მიიღებენ ლიეტუვიდან მიმავალ თვითმფრინავზე ასვლის შემდეგ.

თანხის მოთხოვნა მიგრანტს შეეძლება ერთხელ. მაგრამ თუ პირი განმეორებით მოხვდება ლიეტუვის ტერიტორიაზე, მას კომპენსაციის მიღების იმედი აღარ უნდა ჰქონდეს.

ბელარუსიდან უკანონოდ გადასული ერაყელი, სირიელი, ავღანელი მიგრანტების რაოდენობა ლიეტუვის ტეიტორიაზე მკვეთრად გაიზარდა უკანასკნელი რამდენიმე თვის განმავლობაში. წლის დასაწყისიდან კი მთლიანად ლიეტუველმა მესაზღვეებმა 4000-ზე მეტი უკანონო მიგრანტი დააკავეს. ჰუმანიტარული კრიზისის თავიდან აცილების მზინით ლიეტუვის ხელისუფლებამ საგანგებო სიტუაცია შემოიღო ბელარუსის საზღვარზე და მავთულხლართიანი ბარიერების აღმართვა დაიწყო.

ვილნიუსი მიიჩნევს, რომ მიგრანტები ლიეტუვის საზღვართან მიჰყავთ და შემდეგ ბელარუსის მესაზღვრეები თვალს ხუჭავენ ევროკავშირის წევრ სახელმწიფოში მათ გადასვლაზე. მიგრანტებისთვის საზღვრის გახსნას ლიეტუვაში ბელარუსის ავტორიტარული რეჟიმის მხრიდან ერთგვარ შურისძიებას უკავშირებენ.

ლიეტუვა ლუკაშენკას ერთ-ერთი ყველაზე ხმამაღალი კრიტიკოსია ბელარუსში შარშან აგვისტოში ჩატარებული სადავო საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ. კენჭისყრაზე 66 წლის ლუკაშენკა კიდევ ერთხელ გამოცხადდა გამარჯვებულად, რასაც უპრეცედენტო საპროტესტო ტალღა მოჰყვა. ოპოზიცია აცხადებს, რომ არჩევნები გაყალბდა, კენჭისყრის შედეგს არ ცნობს დასავლეთი. ლიეტუვამ თავშესაფარი შესთავაზა სვიატლანა ციხანოუსკაიას, რომელიც, მისი მხარდამჭერების თქმით, არჩევნების რეალური გამარჯვებულია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG