Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბელარუსის სკოლებში პროგრამიდან ამოიღეს ალექსანდრ სოლჟენიცინისა და სვიატლანა ალექსიევიჩის ნაწარმოებები


სვიატლანა ალექსეივიჩი 15 ივნისი, 2021 წელი ბერლინი
სვიატლანა ალექსეივიჩი 15 ივნისი, 2021 წელი ბერლინი

ბელარუსში რუსული ლიტერატურის საგანში უფროსკლასელთა სასკოლო პროგრამიდან ამოიღეს ნობელის პრემიის ლაურეტი მწერლების, ალექსანდრ სოლჟენიცინისა და სვიატლანა ალექსიევიჩის ნაწარმოებები.

რადიო თავისუფლების ბელარუსული სამსახურის ცნობით, ალექსანდრ სოლჟენიცინის, ვლადიმირ ნაბოკოვის და ვიქტორ ნეკრასოვის მოთხრობები გაერთიანებული იყო სასწავლო თემატიკაში „დისიდენტური ლიტერატურის ადგილი და როლი ლიტერატურულ პროცესში“. საბჭოთა გულაგების შესახებ სოლჟენიცინის მოთხრობისთვის „ივან დენისოვიჩის ერთი დღე“ სამი აკადემიური საათი იყო გამოყოფილი. ახალ პროგრამაში ამ სამი მწერლიდან დარჩა მხოლოდ ნეკრასოვი.

ბელარუსი მწერლების მიერ რუსულ ენაზე შექმნილი ნაწარმოებებიდან, უფროსკლასელთა პროგრამაში შედიოდა სვიატლანა ალექსიევიჩის ნაწარმოები „უკანასკნელი მოწმეები“. ამიერიდან იგი პროგრამიდან ამოღებულია. მის ნაცვლად კი, „ბელარუსის მედიაზონის“ ცნობით, პროგრამაში შეიტანეს პროსამთავრობო ბელარუსის მწერალთა კავშირის თავმჯდომარის, ნიკოლაი ჩერგინეცის ნაწარმოები.

ნობელის პრემიის ლაურეატი, სვიატლანა ალექსიევიჩი, რომელიც ამჟამად გერმანიაში ცხოვრობს, ბელარუსის რეჟიმის ოპონენტია.

ალექსიევიჩი წევრია ბელარუსის ოპოზიციის საკოორდინაციო საბჭოს პრეზიდიუმისა, რომელიც ხელისუფლების სამიზნეა მას შემდეგ, რაც ქვეყანაში დაიწყო საპროტესტო გამოსვლები. დემონსტრაციები მოჰყვა ლუკაშენკას გამარჯვებულად გამოცხადებას 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნებში, რომელსაც ოპოზიცია და დასავლეთის ქვეყნები გაყალბებულად მიიჩნევენ.

ბელარუსის სასკოლო პროგრამაში მომხდარი კორექტირება ემთხვევა მინსკის რეჟიმის წინააღმდეგ დაწყებულ საპროტესტო მოძრაობას, გამოცემა „ზეკალოს“ ცნობით, 2000-იან წლებში ალექსიევიჩის ნაწარმოებები სასკოლო პროგრამიდან ერთხელ უკვე ამოიღეს. იყო პირობა, რომ 2015 წელს ალექსიევიჩის ნაწაროებებს დააბრუნებდნენ ჰუმანიტარული პროფილის კლასების სასკოლო პროგრამაში.

მაშინდელმა განათლების მინისტრმა, მიხაილ ჟურავკოვმა, განაცხადა, რომ ნობელის პრემიის ლაურეატი „სპეციფიკურ, მძიმე“ ნაწარმოებებს წერსო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG