Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლაშა ძებისაშვილი: ჩვენ ძალიან ცუდად გამოვიყენეთ ომის შემდგომი 13 წელი


ლაშა ძებისაშვილი
ლაშა ძებისაშვილი

„საქართველოს უნივერსიტეტის“ პროფესორი ლაშა ძებისაშვილი რადიო თავისუფლების „დილის საუბრებში“ აღნიშნავს, რომ საქართველომ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდგომ გასული 13 წელი ცუდად გამოიყენა და პრაქტიკულად გაკვეთილები არ გამოუტანია.

„ის მოვლენა, რაც უნდა გამხდარიყო ერის კონსოლიდირების წინაპირობა და საფუძველი, რეალურად არ გახდა. პირიქით, უფრო გამოიწვია საზოგადოების გახლეჩა, დაპირისპირება. და ამას თუ დავუმატებთ იმას, რომ განსაკუთრებით აგვისტოს ომის შემდგომ, სააკაშვილის პოლიტიკურმა რეჟიმმა კიდევ უფრო მოუჭირა ჭანჭიკებს და, საბოლოო ჯამში, მოინდომა მთლიანად პოლიტიკური სპექტრის და საზოგადოების ნაციონალური კონტროლი, რაც იყო გარკვეული შიში, წაგებული ომის სინდრომი რომ არ გადაზრდილიყო პოლიტიკურ ფიასკოში თუ ასე შემდეგ, ფაქტია, რომ ამან უკუშედეგი გამოიწვია და, საბოლოო ჯამში, მისთვის დამთავრდა პოლიტიკური ფიასკოთი 2012 წელს. მაგრამ 2012 წლიდან აბსოლუტურად სულ სხვა მიმართულებით წავედით და ეს 13 წელი პრაქტიკულად ეს არის ჰაერში გასროლილი დრო, ფუჭი რესურსები და ასე შემდეგ“, - განაცხადა რადიო თავისუფლების „დილის საუბრებში“ ლაშა ძებისაშვილმა. მისი შეფასებით, პროგრესი არ არის არც ეროვნული კონსოლიდაციის თვალსაზრისით, არც პოლიტიკური ინსტიტუტების განვითარების თვალსაზრისით და არც ბევრი სხვა მიმართულებით:

„არ გვაქვს განვითარებული პოლიტიკური ინსტიტუტები, არ გვაქვს ეკონომიკური ვითარება, არ გვაქვს უსაფრთხოების თვალსაზრისით წინგადადგმული ნაბიჯები და ამ მხრივ, სიმართლე რომ გითხრათ, ცუდი მაგალითი ვართ ჩვენ, უკრაინისგან განსხვავებით 2014 წლიდან“, - აღნიშნა ლაშა ძებისაშვილმა „დილის საუბრებში“.

გადაცემაში საქართველოს ნატოში გაწევრიანების პერსპექტივასთან დაკავშირებით მან აღნიშნა, რომ ერთ-ერთი მთავარი პრობლემა საქართველოსთვის არის ის, რომ იგი არაპროგნოზირებადი სახელმწიფოა:

„არავის უნდა ჰქონდეს მცდარი წარმოდგენა, რომ ოკუპირებული ტერიტორიების ფონზე ჩვენ არავინ არ მიგვიღებს. მიგვიღებენ ძალიან კარგად და ამის მექანიზმიც მარტივად არსებობს - არ არის გაწერილი მაინცდამაინც მკაფიოდ, მეხუთე მუხლი [ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების] რას ფარავს და რას არ ფარავს. ეს ყველაფერი პოლიტიკის და ტექნიკური მოგვარების საკითხია. მთავარია, ნატოს დავუმტკიცოთ, რომ ჩვენ ვართ პროგნოზირებადი სახელმწიფო. ჯერ კიდევ 2004 წლიდან, ანუ სააკაშვილის პერიოდიდან, მუდმივად ისმის ჩვენს მიმართ, რამდენად პროგნოზირებადები ვართ, როგორც სახელმწიფო. და, სამწუხაროდ, არც მაშინ და არც დღეს, ჩვენ როგორც დემოკრატიული სახელმწიფო პროგნოზირებადი არა ვართ. შევხედოთ ეხლა პოლიტიკურ მოვლენებს, რა იყო და რა ხდება და, შესაბამისად, მარტივად რომ ვთქვათ, ძნელად წარმოსადგენია, ნატო არაპროგნოზირებადი, არადემოკრატიული სახელმწიფოს მიღებას დათანხმდეს“, - განაცხადა ლაშა ძებისაშვილმა „დილის საუბრებში“.

რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ 13 წელი გავიდა. 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ხუთდღიანი ომის დაწყების წლისთავი საქართველოში 7-8 აგვისტოს აღნიშნეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG