Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ღარიბაშვილი: ეს უმძიმესი ომი ვერ აარიდა წინა ხელისუფლებამ ჩვენს მოსახლეობას


ირაკლი ღარიბაშვილი
ირაკლი ღარიბაშვილი

რუსთავში მმართველი პარტიის მერობის კანდიდატის ნინო ლაცაბიძის წარდგენის ღონისძიებაზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომში წინა ხელისუფლების პასუხისმგებლობის შესახებ ილაპარაკა.

„ეს უმძიმესი ომი ვერ აარიდა წინა ხელისუფლებამ ჩვენს მოსახლეობას, ვერ დაიცვა ჩვენი ხალხი და ჩვენი ქვეყანა. შედეგად ჩვენ მივიღეთ ჩვენი ტერიტორიების 20%-ის ოკუპაცია. ე.წ. აღიარების პოლიტიკა, ათასობით ჩვენი მოქალაქის დევნილობაში გადმოყვანა და რაც მთავარია, ძალიან დიდი მოუშუშებელი ტკივილი - ჩვენი გმირი სამხედროების, ჩვენი პოლიციელების, სხვა სამოქალაქო პირების ომში გმირული დაღუპვა. რა თქმა უნდა, ეს იარა არის მოუშუშებელი. მეორე მხრივ, ძვირფასო მეგობრებო, გვახსენებს იმას, რომ როგორი უნდა იყოს პასუხისმგებლიანი ხელისუფლება და როგორი არ უნდა იყოს ხელისუფალი, რომელიც ვერ იცავს საკუთარ ქვეყანას და საკუთარ თავს. მე ადრეც მითქვამს და მინდა გავიმეორე, რომ პოლიტიკური ძალა, ხელისუფლება, რომელიც საკუთარი უგუნური პოლიტიკით დაკარგავს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიებს, არათუ უბრალოდ არ უნდა ჰქონდეს რაიმე სურვილი ან მოტივაცია ხელისუფლებაში დაბრუნების, მას არ აქვს არავითარი მორალური უფლება დარჩეს პოილიტიკაში. ჩვენი ხელისუფლება, სწორედ, პირველივე დღიდან არის ორიენტირებული ჩვენი ხალხის კეთილდღეობაზე", - აცხადებს ღარიბაშვილი.

წელს 2008 წლის ომის დაწყებიდან 13 წელი გავიდა. რუსეთი ამ დრომდე აგრძელებს საოკუპაციო ხაზის გავლებას, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები კი უკანონოდ აკავებენ ადგილობრივ მოსახლეობას. ომში 400-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 170 სამხედრო. ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, 13 წლის წინ ომის დროს დაშავდა ან დაიჭრა 2232 ადამიანი, მათგან 1045 სამხედრო იყო.

6 წლის შემდეგ, 2014 წელს რუსეთმა მოახდინა ყირიმის ანექსია. უკრაინის პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩის ჩამოგდების შემდეგ რუსეთმა ნახევარკუნძულზე ჯარები შეიყვანა და სამხედრო კონტროლის პირობებში ჩაატარა რუსეთთან მიერთების შესახებ რეფერენდუმი. უკრაინა და მსოფლიოს ქვეყნების უმრავლესობა არ აღიარებენ ანექსიას. რუსეთის ხელისუფლება აქტიურად იყენებდა „შინ დაბრუნების“ ლოზუნგს და აცხადებდა, რომ ყირიმი რუსეთის ძირძველი მიწაა, 1954 წელს უკრაინის სსრ-ისთვის მისი გადაცემა კი უკანონო იყო.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ არაერთხელ განაცხადა, რომ ყირიმის საკითხი არ შეიძლება „დახურულად“ იქნეს მიჩნეული.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG