Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტიკარაძე: რას ნიშნავს, ვინ იღებს პასუხისმგებლობას გარდაცვლილებზე? პასუხისმგებლობას არავინ გაურბის


საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე ჟურნალისტს კითხვაზე, ვინ იღებს პასუხისმგებლობას იმაზე, რომ გასული დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსით 54 ადამიანი გარდაიცვალა, კითხვითვე პასუხობს.

„სულ მაინტერესებს, ამ კითხვაზე რა მოლოდინი გაქვთ, რომ პასუხი გაგცეთ? რას ნიშნავს, პასუხისმგებლობას ვინ იღებს? ეს არის ჩვენი ყველას საერთო პასუხისმგებლობა და პასუხისმგებლობას არავინ არ გაურბის“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ ბრიფინგზე. მისი თქმით, კორონავირუსთან ბრძოლაში ყველა თავისი კომპეტენციის ფარგლებში მოქმედებს. მინისტრი აღნიშნავს, რომ ჯანდაცვის სამინისტრო და დაავადებათა კონტროლის ცენტრი პროცესს შესაბამისად მართავენ:

„ჯანდაცვის სამინისტროს კომპეტენცია ამ შემთხვევაში და დაავადებათა კონტროლის ცენტრის კომპეტენცია არის შემდეგი, რომ ერთის მხრივ დაავადებათა კონტროლის ცენტრმა უნდა გამოსცეს რეკომენდაციები და ასევე გვაჩვენოს ჩვენ ის მოსალოდნელი პროგნოზი, რომელიც ნებისმიერი ინფექციის გავრცელებას და ამ შემთხვევაში კოვიდის ინფექციის გავრცელებას შეიძლება ჰქონდეს. ამ რეკომენდაციებზე დაყრდნობით ჯანდაცვის სამინისტრო, თვითონ მინისტრი და აპარატი ასრულებს სხვა სიპ-ების დახმარებით ამ მესიჯის გავრცელებას უკვე სექტორზე, რომ უკვე სექტორი იყოს შესაბამისად მობილიზებული და ეს პროცესი დღესდღეობით არის ნამართი“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ. მან კომენტარი გააკეთა ასევე სასწრაფო დახმარების სამსახურის საქმიანობაზე და აღნიშნა, რომ გამოძახებები 50 პროცენტზე მეტად არის გაზრდილი:

„სასწრაფო დახმარების ბრიგადების რაოდენობაში ჩვენ, რა თქმა უნდა, შეზღუდულები ვართ, მაგრამ პრიორიტეტიზაციის პრინციპით მივდივართ ადგილზე, ბინაზე ყველა პაციენტთან. ისინი ახდენენ შემდეგ, რა თქმა უნდა, ტრიაჟს ამ პაციენტებისას უკვე ბინაზე და იღება გადაწყვეტილება, თუ სად არიან ეს პაციენტები გადასაყვანები, სასტუმროში კლინიკაში თუ ბინაზე დასატოვებელი“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ. მისი თქმით, კოვიდპროცესის მართვაში ონლაინ ჩართულია 520 ექიმი, ასევე უბნის ექიმები და ოჯახის ექიმები.

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის ახალი პიკია - გამოვლენილია კორონავირუსის 5697 შემთხვევა და გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 54 პაციენტი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG