Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნავალნის თანამებრძოლების წინააღმდეგ რუსეთში კიდევ ერთი საქმე აღიძრა „ექსტრემიზმთან“ დაკავშირებული მუხლით


ლეონიდ ვოლკოვი და ივან ჟდანოვი
ლეონიდ ვოლკოვი და ივან ჟდანოვი

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა კიდევ ერთი სისხლის სამართლის საქმე აღძრა პატიმრობაში მყოფი რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის, თანამებრძოლების, ივან ჟდანოვისა და ლეონიდ ვოლკოვის, და სხვა პირების წინააღმდეგ, რომლებიც გამოძიების მიერ ბრალდებული არიან უკანონო საქმიანობაში, რაშიც იგულისხმება ექსტრემისტული ორგანიზაციის დაფინასებისთვის საჭირო სახსრების შეგროვება და ფინანსური მომსახურების გაწევა.

ცოტა ხნის წინ, ნავალნის მიერ შექმნილი კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ფონდი და შტაბები რუსეთმა ექსტრემისტულ ორგანიზაციებად ცნო და აკრძალა მათი საქმიანობა. შესაბამისი სასამართლოს გადაწყვეტილება ამ დღეებში შევიდა ძალაში.

ივან ჟდანოვი კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ფონდის დირექტორი იყო, ხოლო ვოლკოვი - ნავალნის უკვე დახურულ შტაბებს ხელმძღვანელობდა. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის 5 აგვისტოს განცხადების თანახმად, ინტერნეტით გავრცელებულ ვიდეომიმართვაში ჟდანოვი და ვოლკოვი მოუწოდებენ „საზოგადოების ფართო წრეს, რომ მხარი დაუჭირონ ნავალნის გუნდს და განახორციელონ ფინანსური დახმარება მითითებული ბმულის შესაბამისად“.


ივან ჟდანოვი და ლეონიდ ვოლკოვი ამჟამად საზღვარგარეთ იმყოფებიან. მათ წინააღმდეგ სხვა მუხლის თანახმად ერთი სისხლის სამართლის საქმე უფრო ადრე აღიძრა. მედიის თანახმად, ამ დღეებში რუსეთი დატოვა ალექსეი ნავალნის კიდევ ერთმა თანამებრძოლმა, ლიუბოვ სობოლმა, რომელსაც ცოტა ხნის წინ სასამართლომ თავისუფლების შეზღუდვა მიუსაჯა. თავად სობოლს ეს ინფორმაცია არც უარუყვია და არც დაუდასტურებია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG