Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირი დახმარებას 6 პარტნიორი ქვეყნისთვის, მათ შორის საქართველოსთვის, 35 მილიონით ზრდის


ევროკავშირი ვაქცინაციის პროცესის ხელშესაწყობად აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის გამოყოფილ დახმარებას 40 მილიონი ევროდან 75 მილიონ ევრომდე ზრდის. ინფორმაციაში, რომელიც ევროკავშირის საიტზეა გამოქვეყნებული, აღნიშნულია, რომ დახმარების პაკეტის 35 მილიონი ევროთი გაზრდის მიზანია covid-19-ის უსაფრთხო და ეფექტიანი ვაქცინების მიწოდების ხელშეწყობა და ვაქცინაციის კამპანიის დაჩქარება აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვს ქვეყანაში: საქართველოში, სომხეთში, აზერბაიჯანში, ბელარუსში, მოლდოვასა და უკრაინაში.

„დამატებით 35 მილიონი ევროს მოცულობის დახმარების პაკეტით ევროკავშირი ცდილობს, აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში მნიშვნელოვნად გაზარდოს ვაქცინების ხელმისაწვდომობა ვაქცინების გლობალური დეფიციტის ფონზე“, - აღნიშნულია ევროკავშირის განცხადებაში.

განცხადების თანახმად, აღნიშნული 35 მილიონი ევრო დაემატება ევროკავშირის მიერ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისათვის თებერვალში გამოყოფილი 40 მილიონი ევროს მოცულობის პაკეტს, რომელიც უნდა მოხმარებოდა მოსახლეობის უსაფრთხო და ეფექტიანი ვაქცინაციისთვის მზადყოფნის გაუმჯობესებას, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციასთან პარტნიორობით.

„ევროკავშირის დახმარება მოიცავდა ვაქცინაციის კამპანიაში ჩართული ჯანდაცვის მენეჯერებისა და სამედიცინო პერსონალის ტრენინგს, ვაქცინების და მარაგების მიწოდებისა და დამუშავების ძირითად ლოგისტიკურ მხარდაჭერას, ვაქცინაციის მონაცემებს და უსაფრთხოების მონიტორინგს, კომუნიკაციას და საზოგადოების ჩართულობას, ასევე ციფრული კოვიდსერტიფიკატის განვითარების მხარდაჭერას“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ამავე განცხადებაში სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი აღნიშნავს, რომ ევროკავშირი მოწოდებულია ხელი შეუწყოს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს ვაქცინაციის დაჩქარებაში, რადგან ეს იქნება გადამწყვეტი პანდემიის დასრულებისა და რეგიონის სოციალურ-ეკონომიკური აღდგენის დასაწყებად. „ჩვენ ვზრუნავთ ჩვენს პარტნიორებზე“, - ამბობს ევროკომისარი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG