Accessibility links

site logo site logo

UNICEF-თან შეხვედრის შემდეგ ახალციხეში 40-მდე მასწავლებელი აიცრა


გაეროს ბავშვთა ფონდი ახალციხეში 60-მდე პედაგოგს შეხვდა. საინფორმაციო შეხვედრა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში, Covid-19-ის ვაქცინაციის შესახებ გაიმართა.

"დავდივართ რეგიონებში და ვმართავთ შეხვედრებს, სადაც ადამიანებს შესაძლებლობა ეძლევათ, მიიღონ მეტი ინფორმაცია ვაქცინაციის შესახებ. სამწუხაროდ, საქართველოში ვაქცინაციის შედეგი ძალიან დაბალია, იმედი გვაქვს, რომ მსგავსი საინფორმაციო შეხვედრები ამ ვითარებას გამოასწორებს. დღეს უკვე აღარ არის სადავო, რომ ვაქცინაცია ერთადერთი საშუალებაა, რომელიც შეგვაძლებინებს, ნორმალურ ცხოვრებას რომ დავუბრუნდეთ. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მასწავლებელთა ვაქცინაცია, რათა შესაძლებელი იყოს სასწავლო პროცესის ნორმალურად ჩატარება", - თქვა გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა ღასან ხალილმა.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტებმა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლებმა მასწავლებლების კითხვებს უპასუხეს. იაშვილის სახელობის კლინიკის დირექტორმა ივანე ჩხაიძემ კი იმ საგანგაშო მდგომარეობაზე ისაუბრა, რომელშიც დაბალი ვაქცინაციისა და მაღალი ინფიცირების შემთხვევაში ქვეყანა შეიძლება აღმოჩნდეს.

"ადამიანებს მდგომარეობის სიმძიმის გამო შეიძლება დასჭირდეს სტაციონარული მომსახურება და უბრალოდ ქვეყანაში აღარ იყოს თავისუფალი ადგილი და ვერ მოხდეს მისი ჰოსპიტალიზაცია. ძალიან ახლოს ვართ ამ ზღვართან, სულ რამდენიმე ასეული თავისუფალი საწოლია ქვეყანაში დარჩენილი. 6 ათასი საწოლი გავზარდეთ 7 ათასამდე, შეიძლება კიდევ გამოიყოს 1000 საწოლი, თუმცა ეს არის ქვეყნის მაქსიმუმი, თუმცა ეს რესურსი, რა თქმა უნდა, ამოუწურავი არ არის. თუ ასე გაგრძელდა და ინფიცირების მაჩვენებელი 5 ათასი დარჩა ყოველდღიურად, ეს იმას ნიშნავს, რომ შესაძლებელია რამდენიმე დღეში ან კვირაში მივიღოთ სიტუაცია, რომ ჯეროვანი სამედიცინო მომსახურების გაწევა პაციენტისთვის იქნება შეუძლებელი".

შეხვედრის შემდეგ 40-მდე პედაგოგი ახალციხის რეფერალურ კლინიკაში ასაცრელად მივიდა. ერთ-ერთი თამარ ჟუჟუნაძე იყო, რომელსაც სასწავლო პროცესის საკლასო ოთახებში გაგრძელება უნდა.

"დიდი ხანია ვფიქრობდი აცრაზე. მიმაჩნია, რომ თითოეული მოქალაქის პასუხისმგებლობაა აცრა, განსაკუთრებით ასეთ პერიოდში, როდესაც შეიძლება ნებისმიერი ადამიანი დასნებოვნდეს. ამიტომ, თითოეული მოქალაქის ვალია სასწრაფოდ ავიცრათ, რათა დავიცვათ ჩვენი საყვარელი ადამიანები", - ამბობს ის.

საინფორმაციო სესიები საქართველოს ყველა რეგიონში იმართება და მისი მიზანია მოქალაქეებისთვის Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის შესახებ უახლესი ინფორმაციის მიწოდება და მათი ჩართვა მასობრივი იმუნიზაციის პროგრამაში.

სამცხე-ჯავახეთში გაეროს ბავშვთა ფონდმა უკვე მეორე შეხვედრა გამართა. მაისში ექსპერტები ქართული და სომხური თემის რელიგიურ ლიდერებს, სამედიცინო პერსონალსა და მედიას შეხვდნენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG