Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის სენატმა დაამტკიცა 3,5 ტრილიონი დოლარის მოცულობის საბიუჯეტო გეგმა


აშშ-ის სენატმა დაამტკიცა 3,5 ტრილიონი დოლარის მოცულობის საბიუჯეტო გეგმა, რომლის მიზანია სიღარიბის წინააღმდეგ ბრძოლა და გარემოს დაცვა. როგორც Reuters-ი იტყობინება, ბიუჯეტი მხოლოდ დემოკრატებმა მიიღეს და პრაქტიკულად ერთხმად უარყვეს რესპუბლიკელებმა. ხმების თანაფარდობა იყო 50 ხმა 49-ის წინააღმდეგ. სენატში პარტიებს ხმების თანაბარი რაოდენობა აქვთ, მაგრამ დემოკრატებს ყოველთვის აქვთ გადამწყვეტი ხმა ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისის წყალობით.

დოკუმენტის მიღება საკვანძო მნიშვნელობის მოვლენად ითვლება პრეზიდენტ ჯო ბაიდენის პროგრამის ერთ-ერთი პუნქტის რეალიზაციაში. ბაიდენმა პირობა დადო, რომ ტრილიონობით დოლარს მოახმარს ოჯახების დახმარებას, სამუშაო ადგილების შექმნას და კლიმატური ცვლილების წინააღმდეგ მასშტაბურ ბრძოლას.

ამჟამად დემოკრატებმა საბიუჯეტო რეზოლუცია მოიწონეს და არა თავად კანონპროექტი. ამ სპეციალური რეზოლუციის მნიშვნელობა იმაშია, რომ ის მომავალ კანონპროექტს იცავს „ფილიბასტერისგან“ - პროცედურული ბარიერებისგან, რომლებითაც კანონპროექტების პრაქტიკული ბლოკირება ხდება ხოლმე. ახლა დემოკრატებს შეეძლებათ უბრალო უმრავლესობით მიიღონ კანონი.

საბიუჯეტო კომიტეტის ხელმძღვანელმა ბერნი სანდერსმა ამ ინიციატივას უწოდა მოსახლეობის მხრიდან ამერიკის სახელმწიფოსადმი ნდობის აღდგენის შესაძლებლობა. რესპუბლიკელები, პირიქით, აცხადებენ, რომ ეს მხოლოდ გამოიწვევს სახსრების გაფლანგვას, ინფლაციის გაზრდას და „მემარცხენე“ ეკონომიკური პოლიტიკის ზეიმს.

3,5 ტრილიონი დოლარის დახარჯვა შემდგომი ათი წლის განმავლობაშია დაგეგმილი. პროექტის დაფინანსება სხვათა შორის გათვალისწინებულია მსხვილი ბიზნესებისთვის გადასახადების გაზრდის ხარჯზე. ერთ-ერთი მთავარი სიახლე იქნება გადასახადი ნახშირბადის საწვავის იმპორტზე.

გუშინ სენატმა მიიღო საავტომობილო გზების, რკინიგზის, აეროპორტებისა და სარკინიგზო სადგურების მოდერნიზაციის 1-ტრილიონიანი პაკეტი, რომელიც ბაიდენის მნიშვნელოვან საკანონმდებლო გამარჯვებად მიიჩნევა. ახალ კანონპროექტს საკმარისი ხმები მისცეს სენატორებმა (69 ხმა 30-ის წინააღმდეგ).

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG