Accessibility links

site logo site logo

კიდევ ერთი პოლიციელი ამბობს, რომ გახარიას გუნდთან შესაძლო კავშირის გამო ათავისუფლებენ


გორში პოლიციის კიდევ ერთი თანამშრომელი გიორგი ნასყიდაშვილი სამსახურიდან გაათავისუფლეს. მისი თქმით, გათავისუფლების მიზეზი გახდა იმ ფოტოს გაზიარება, რომელიც ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას გუნდის წევრის, ყოფილი პოლიციელის კოტე ანანიაშვილის დაჯილდოებას ასახავს.

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა კოტე ანანიაშვილი პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დააჯილდოვა. ამ ფაქტის ამსახველი ფოტო იმავე დღეს გამოქვეყნდა. ამ დროს ანანიაშვილი აღარ იყო პრემიერ-მინისტრის აპარატის რეგიონებთან კოორდინაციის დეპარტამენტის უფროსი.

"შემხვდა ამჟამინდელი პოლიციის უფროსი და მითხრა, სამსახურიდან უნდა წახვიდე პირადი განცხადებითო. რა ხდება-მეთქი. შედი ფეისბუქზე და ნახე, რაც ხდებაო. მე ეს ფოტო იმიტომ გავაზიარე, რომ კოტე ანანიაშვილი იყო ჩვენი უფროსი და კარგის მეტი არაფერი მახსოვს. ჩათვალეს, რომ მე გახარიას გუნდის წევრი ვიყავი. მე ვარ აპოლიტიკური ადამიანი, მაგრამ გათავისუფლების მიზეზი ეს გახდა", - ამბობს გიორგი ნასყიდაშვილი.

ნასყიდაშვილი ჯერ გორის სამმართველოს მერეთის განყოფილების განყოფილების უფროსობიდან, შემდეგ კი საერთოდ, საპოლიციო რიგებიდან გაუშვეს. კოტე ანანიაშვილი ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას გუნდის წევრი და პარტია "საქართველოსთვის" ერთ-ერთი ლიდერია.

კიდევ ერთი პოლიციელი, რომელიც შიდა ქართლის საპატრულო პოლიციის თანამშრომელი თამაზ ჯოხაძეა, ამბობს, რომ სამსახურიდან ახსნა-განმარტების გარეშე ათავისუფლებენ. ამ შემთხვევაშიც პოლიციელი ამბობს, რომ მიზეზი გახარიას პარტიასთან შესაძლო კავშირებია.

დღეს სრულიად უმიზეზოდ მიბარებენ და მეუბნებიან, რომ უნდა წავიდე სამსახურიდან. ვეკითხები ორივე მათგანს და ვერც ერთი მპასუხობს, რატომ უნდა წავიდე? არ შეუძლიათ კითხვაზე პასუხის გაცემა. ამათ გონებასა და აზროვნებაში სხვა არაფერი დევს, გარდა იმისა, რომ წადი და მორჩა. შენ უკან ვინ დგას? რა დგას? არ გეკითხებიან - რამდენი შვილი გყავს? ოჯახში რამდენი წევრი გყავს? რამდენ ადამიანს ინახავ? რამდენ ადამიანს არჩენ? ამათთვის სულ ერთია. დაწერე პატაკი, რომ ოჯახური პირობების გამო მიდიხარო. სამი შვილი მყავს, ესენი შემინახავენ ოჯახს?!" - თქვა თამაზ ჯოხაძემ.

ის ვარაუდობს, რომ მისი გათავისუფლების მიზეზი მისი სიძე, გიორგი მეზვრიშვილია, რომელიც შიდა ქართლის დაცვის პოლიციის უფროსი იყო და ამავე დროს გიორგი გახარიას გუნდის წევრის, შს მინისტრის ყოფილი მოადგილის, კახა საბანაძის ბავშვობის მეგობარი.

"ახლა უნდათ, მეც იმის გამო გამიშვან, რომ გიორგი მეზვრიშვილი ჩემი სიძეა, - ამბობს თამაზ ჯოხაძე.

საკითხს გუშინ გამოეხმაურა შინაგან საქმეთა სამინისტრო. უწყების ინფორმაციით, ამ ეტაპზე პატრულ-ინსპექტორი თამაზ ჯოხაძე აგრძელებს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას.

განცხადების თანახმად, პატრულ-ინსპექტორის მხრიდან შესაძლო დისციპლინარულ გადაცდომის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის მიერ სამსახურებრივი შესწავლის დასრულებისთანავე შედეგები დაინტერესებული პირებისთვის ცნობილი გახდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG