Accessibility links

site logo site logo

სუს-ის მიერ სავარაუდო უკანონო მოსმენის ფაქტზე პროკურატურას 3 არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა მიმართეს


გიორგი ონიანი, გიორგი მშვენიერაძე, გურამ იმნაძე

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს თანამშრომლების სავარაუდო უკანონო საქმიანობის ფაქტის გამოძიების მოთხოვნით პროკურატურას განცხადებით „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ წარმომადგენელმა გიორგი ონიანმა, „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ წევრმა გიორგი მშვენიერაძემ და „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ წარმომადგენელმა გურამ იმნაძემ მიმართეს. ისინი პროკურატურისგან ითხოვენ გამოძიება სატელეფონო საუბრების ფარული მიყურადებისა და ჩაწერის ფაქტზე დაიწყოს.

მათი განმარტებით, პროკურატურისთვის განცხადებით მიმართვის საფუძველი გახდა მიმდინარე წლის პირველ აგვისტოს, ტელეკომპანია „მთავარის” გადაცემაში გაჟღერებული ინფორმაცია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სავარაუდოდ უკანონო საქმიანობის, მათ შორის ფარულ მიყურადებისა და თვალთვალის შესახებ.

„გადაცემის წამყვანის ინფორმაციით, სუს-იდან მოპოვებული ოპერატიული კრებსები პოლიტიკოსების, თანამდებობის პირების, ჟურნალისტებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების 2020 წლის პირად საუბრებს ეხებოდა. მასალაში ნახსენები იყო გიორგი ონიანს, გურამ იმნაძეს და გიორგი მშვენიერაძეს შორის 2020 წლის ივნისში შემდგარი სატელეფონო კომუნიკაცია, რომელიც სოციალური სამართლიანობის ცენტრის ერთ-ერთი დირექტორის, თამთა მიქელაძის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაბარებას შეეხებოდა. განმცხადებლები ადასტურებენ რა აღნიშნული კომუნიკაციისა და საუბრის შინარსის ნამდვილობას, ჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ გადაცემაში განხილული ოპერატიული კრებსები მართლაც სუს-ის მიერ არის შექმნილი და დამუშავებული. აღსანიშნავია, რომ ამ ფაქტიდან გასულია 1 წელზე მეტი და არც ერთი განმცხადებელი ინფორმირებული არ ყოფილა შესაბამისი სამსახურებიდან, რომ მათ მიმართ ხორციელდებოდა ფარული საგამოძიებო მოქმედებები“, - აღნიშნულია ორგანიზაციების მიერ გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაში.

გენერალურ პროკურატურასთან გიორგი მშვენიერაძემ მედიის წარმომადგენლებს განუცხადა, რომ ის, რაც საზოგადოებამ ტელეკომპანია "მთავარის" ეთერში მოისმინა, იყო ცალსახა მტკიცებულება იმისა, რომ მისი და გიორგი ონიანის, ისევე, როგორც გიორგი ონიანისა და გურამ იმნაძის საუბარს უსმენდნენ და ეს დიდი ალბათობით განხორციელებული იყო სახელმწიფო ინსტიტუტების მხრიდან.

"ჩვენ ამ მიყურადების შესახებ პასუხი მოვისმინეთ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან, რომ ეს მათ არ გაუკეთებიათ და ეს არის ტყუილი, მაგრამ ნამდვილად შემიძლია ვთქვა, რომ ასეთი შინაარსის საუბარი იყო. ცხადია სახეზე არის უკანონო მიყურადების ფაქტი, რომელიც არის დანაშაული საქართველოს კანონმდებლობით", - განაცხადა გიორგი მშვენიერაძემ. ის, ისევე როგორც გიორგი ონიანი და გურამ იმნაძე გამოძიების ეფექტურობასთან დაკავშირებით ოპტიმისტურად არ არის განწყობილი, თუმცა მიიჩნევს, რომ ყველა ფორმალური სამართლებრივი მექნიზმის გამოყენებაა საჭირო.

"მთავარი არხის" დამფუძნებელმა და დირექტორმა ნიკა გვარამიამ 1 აგვისტოს გადაცემა “მთავარ აქცენტებში” გაასაჯაროვა მასალები, რომლებიც, მისი თქმით, ასახავს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის - სუსის - მიერ პოლიტიკოსების, არასამთავრობო ორგანიზაციების, ბიზნესმენების, სასულიერო პირების და ჟურნალისტების უკანონო მოსმენებსა და თვალთვალს.

"მთავარ არხზე" გამოქვეყნებული ჩანაწერების ერთი ფრაგმენტი “რადიო თავისუფლების” გამომძიებელი ჟურნალისტის, გიორგი მგელაძის საუბარს აღწერს. ჟურნალისტის სავარაუდო უკანონო მოსმენასთან დაკავშირებით, რადიო თავისუფლებამ ოფიციალური წერილებით 5 სხვადასხვა ინსტიტუციას მიმართა, რათა მათ თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში იმოქმედონ. ეს ინსტიტუციებია პროკურატურა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, სასამართლო, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური და სახალხო დამცველი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG