Accessibility links

site logo site logo

გურამ როგავა "ფორმულაზე" გადადის


"რუსთავი 2-ის" ყოფილი ტელეწამყვანი და არხის ერთ-ერთი სახე, გურამ როგავა სამუშაოდ "ფორმულაზე" გადადის. ამის შესახებ მან თავად განუცხადა რადიო თავისუფლებას.

როგორც როგავა ამბობს, ის დღის საინფორმაციო გამოშვების წამყვანი იქნება. არხი გეგმავს სექტემბრიდან საინფორმაციო გამოშვების ფორმატი შეცვალოს.

"ზუსტად ვარ მზად ყველაფრისთვის, რაც მოჰყვება ჩემი ფორმულაში გადასვლის გადაწყვეტილებას. ვიცი, რაც იარლიყები უნდა მომაკრან. ადრე ბიძინა ივანიშვილის ტელევიზიაში ვმუშაობდი და "ბიძინას მონა" ვიყავი. ახლა კიდევ ვიღაცის "მონა ვიქნები", მაგრამ მთავარი რაც არის, რომ მაყურებელმა, უბრალოდ ვინც ჩემს გადაცემას ნახავს, ობიექტურად შეაფასოს - მე იმ დღის აქტუალურ თემაზე კითხვა დავსვი თუ - არა და ვცადე თუ არა, რომ რესპონდენტთან ვყოფილიყავი კრიტიკული და საზოგადოების ხმა მიმეწვდინა მათთვის.

ფორმულა დღეს ჩემთვის არის სივრცე, სადაც ძალიან ღირსეული, კეთილსინდისიერი ჟურნალისტები შეიკრიბნენ, მათ შორის, ბევრი ჩემი ახლო მეგობარი", - ამბობს როგავა.

როგავა "რუსთავი 2-ის" თანამშრომელი დაახლოებით ორი წლის წინ გახდა. მაშინ ეს ტელევიზია შეცვლილი მენეჯმენტის გამო დატოვა არხის წამყვანმა სახეებმა და თანამშრომლების დიდმა ნაწილმა. როგავას მრავალწლიანი სატელევიზიო გამოცდილება აქვს, მათ შორის მუშაობდა საზოგადოებრივ მაუწყებელში, "იმედში" და წინა ხელისუფლების დროს ოპოზიციურ ტელევიზიაში "მეცხრე არხში".

როგავა ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ჟურნალისტი იყო, რომელიც არ ერიდებოდა 5 ივლისს ჟურნალისტებზე მომხდარ ძალადობაზე ხელისუფლების პასუხისმგებლობაზე ესაუბრა.

მისი არხიდან წამოსვლის გადაწყვეტილება დროში ემთხვევა "რუსთავი 2-ში" საკადრო ცვლილებებს. არხზე აღმასრულებელ დირექტორად მივიდა "იმედის" ჰოლდინგის ერთ-ერთი არხის "მაესტროს" ყოფილი დირექტორი ვაკო ავალიანი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG