Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იაგო კაჭკაჭიშვილი: 43% დამოკლეს მახვილივით ჰკიდია ხელისუფლების თავზე


იაგო კაჭკაჭიშვილი
იაგო კაჭკაჭიშვილი

სოციოლოგის, თსუ-ს პროფესორის იაგო კაჭკაჭიშვილის შეფასებით, 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები გამორჩეულია, მიუხედავად იმისა, რომ შარლ მიშელის ხელშეკრულებიდან გასვლით, ხელისუფლებამ უარი თქვა მისთვის რეფერენდუმის ფუნქციის მინიჭებაზე. რადიო თავისუფლების „დილის საუბრებში“ სტუმრობისას იაგო კაჭკაჭიშვილმა აღნიშნა, რომ „ქართული ოცნების“ მიერ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში 43 პროცენტის მიღება მაინც დამოკლეს მახვილივით ჰკიდია ხელისუფლების თავზე.

„მოგეხსენებათ, რომ თვითმმართველობის არჩევნებს, ამ ხელშეკრულების თანახმად, ჰქონდა ერთგვარი რეფერენდუმის ფუნქცია და თუ მმართველი პარტია 43 პროცენტს ვერ მოაგროვებდა, მაშინ ინიშნებოდა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები. ამ პირობის შესრულებაზე მმართველმა პარტიამ უარი თქვა და, რასაკვირველია, პირველ რიგში იმ მოლოდინის ფონზე, რომ „ქართულმა ოცნებამ“ დაუშვა იმის შესაძლებლობა, რომ მას შეიძლება გაუჭირდეს 43-პროცენტიანი ნიშნულის გადალახვა. მაგრამ, მიუხედავად ამისა, ჩვენ ვიცით საერთაშორისო ორგანიზაციების განცხადებები, ქართული საზოგადოების, ამ შემთხვევაში ვგულისხმობ ოპოზიციურად განწყობილი საზოგადოების დამოკიდებულებები. 43 პროცენტი, თუ შეიძლება ითქვას, მაინც დამოკლეს მახვილივით ჰკიდია ხელისუფლების თავზე“, - აღნიშნა იაგო კაჭკაჭიშვილმა. მისი შეფასებით, „ქართული ოცნების“ მიერ თვითმმართველობის არჩევნებში 43 პროცენტის აღებას ლეგალური და ინსტიტუციური ძალა აღარ აქვს, მაგრამ ნამდვილად აქვს პოლიტიკურად მორალური ძალა.

„თუ ადგილობრივ არჩევნებში „ქართულმა ოცნებამ“ ვერ შეძლო 43 პროცენტის აღება, ეს მისი დელეგიტიმაციის ყველაზე უფრო მძლავრი საფუძველი იქნება და ის მორალურად გატყდება, თუ შეიძლება ასე ითქვას“, - განაცხადა იაგო კაჭკაჭიშვილმა „დილის საუბრებში“.

28 ივლისს, პარტიამ "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო" ანულირებულად გამოაცხადა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის ინიციატივით ოპოზიციის ნაწილთან 19 აპრილს მიღწეული შეთანხმება. შეთანხმების ერთ-ერთი პუნქტი ითვალისწინებდა რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას იმ შემთხვევაში, თუ "ქართული ოცნება" ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ამომრჩეველთა ხმების 43 პროცენტს ვერ მიიღებდა. მმართველ პარტიაში 19 აპრილის შეთანხმების ანულირების გადაწყვეტილება იმით ახსნეს, რომ შეთანხმების მთავარი მიზანი იყო პოლარიზაციისა და რადიკალიზაციის შემცირება, რაც ვერ მოხერხდა და პირიქით მოხდა, და, რომ მთავარი ოპოზიციური პარტია "ნაციონალური მოძრაობა" შეთანხმებას არ შეუერთდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG