Accessibility links

site logo site logo

„კუმტორის“ ოქროს საბადოს საქმეზე ყირგიზეთის ყოფილი პრეზიდენტი სოორონბაი ჟეენბეკოვი მოწმის სტატუსით დაკითხეს


სოორონბაი ჟეენბეკოვი

„კუმტორის“ ოქროს საბადოს პროექტში სავარაუდო კორუფციის დანაშაულის საქმეზე მიმდინარე მასშტაბური გამოძიების ფარგლებში, 13 აგვისტოს ყირგიზეთის ეროვნული უსაფრთხოების კომიტეტში დაკითხეს ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი, სოორონბაი ჟეენბეკოვი.

მოწმის სტატუსით ყოფილი პრეზიდენტის დაკითხვა მოიცავს 2016-2017 წლებს, როდესაც ჟეენბეკოვს ყირგიზეთის პრემიერ-მინისტრის პოსტი ეკავა.


„კუმტორის“ ოქროს საბადო მრავალი წლის განმავლობაში იყო დავის საგანი ეკოლოგიისათვის მიყენებული ზიანისა თუ ბიუჯეტში შეტანილი თანხის გამო, რასაც ამჟამად უკვე თან ერთვის საკონტროლო აქციებისათვის დაუსრულებელი ბრძოლა ყირგიზეთის ხელისუფლებასა და საბადოს ოპერატორ კომპანია Centerra Gold-ს შორის.

ყირგიზეთის მთავრობამ საბადოზე დროებით დააწესა კონტროლი, რასაც ქვეყნის ახლანდელმა პრეზიდენტმა, სადირ ჟაპაროვმა გარემოს დაცვის მხრივ არსებული ნაკლოვანებების აღმოფხვრისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფისკენ მიმართული აუცილებელი ნაბიჯი უწოდა.

კომპანია „ცენტერამ“ კი მთავრობის გადაწყვეტილებას „უმართებულო და უკანონო“ უწოდა.

მაისის თვეში კანადურმა ფირმამ განაცხადა, რომ მთავრობასთან თავის დროზე გაფორმებული კონტრაქტით დადგენილი მისი უფლებების შელახვის გამო საარბიტრაჟო ინიციატივა დააყენა.

ყირგიზეთის უშიშროების კომიტეტმა, რომელიც „კუმტორის“ საქმეს იძიებს, წინა კვირაში დაკითხა ქვეყნის პირველი პრეზიდენტი, ასკარ აკაევი, რომელიც 2005 წლის „ტიტების რევოლუციის“ შემდეგ რუსეთში ცხოვრობს და 16-წლიანი განშორების შემდეგ, 3 აგვისტოს ჩვენების მისაცემად პირველად ჩავიდა სამშობლოში.

აკაევმა, რომელმაც განაცხადა, რომ კვლავაც ითანამშრომლებს გამოძიებასთან, ყირგიზეთი 8 აგვისტოს დატოვა და კვლავ მოსკოვში გაემგზავრა.


„კუმტორის“ საქმეზე გამოძიებას დაკავებული ჰყავს რამდენიმე მაღალჩინოსანი, მათ შორის, ყირგიზეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ტემირ სარიევი. გამოძიების თანახმად, სარიევმა, როდესაც ქვეყნის ეკონომიკის მინისტრად მუშაობდა და სათავეში ედგა „კუმტორის“ საბადოს სახელმწიფო კომისიას, რამდენიმე მილიარდი სომით შეამცირა საბადოს მიერ ეკოლოგიისთვის მიყენებული ზიანი, რითაც ქვეყანას მნიშვნელოვანი ზარალი მიადგა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG