Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ასეთი კინო გვინდა დავით აღმაშენებელზე?


„ფიცი“ (“Клятва”, სსრკ 1946, რეჟისორი მიხეილ ჭიაურელი)

თუკი ვაღიარებთ, რომ კულტურის სამინისტროს ახალი პროექტი, ფილმი დავით აღმაშენებელზე, არის „სახელმწიფო დაკვეთა“ (საბჭოთა ეპოქაში ასე ვამბობდით პირდაპირ „Государственный заказ”), იმის აღიარებისაც არ უნდა შეგვეშინდეს, რომ დღეს არ გვყავს ამ დაკვეთის წარმატებით შემსრულებელი. ახალგაზრდა რეჟისორები, რომლებმაც უკვე მიიქციეს კინოფესტივალების ყურადღება, ამ პროექტს ხელს არ მოკიდებენ (იციან, რომ არც ერთი მათგანი არ არის თუნდაც ლუკინო ვისკონტი, „ქართული ლუდვიგის“ გადაღება რომ შეძლოს), რაც შეეხება „ძველებს“, მასშტაბური პროექტის განხორციელების უნარი, სავარაუდოდ, არც მათ აქვთ. თანაც, იმას, ვინც ივანიშვილის პარტიის ამ ახალ კულტურულ ინიციატივას გამოეხმაურება, ერთი რამ აუცილებლად უნდა შეეძლოს - გადაიღებს რა ფილმს დიდგორის ბრძოლაზე, აღმაშენებელზე, მან უნდა უთხრას მაყურებელს, რომ ომი დღესაც გრძელდება, რომ საბედნიეროდ გვყავს კაცი, რომელმაც შიდა მტერი, ეს ცხრათავიანი დრაკონი დაამარცხა. დიდება მას!

არა, მონდომებით, ცხადია, ბევრი მოინდომებს. დაარწმუნებს ხელისუფალს, რომ შეძლებს შეასრულოს კონკურსის მოთხოვნა, წარმოადგინოს „ფილმის გაქირავების და საერთაშორისო მაყურებლამდე მიტანის ხედვა“... თავის დროზე, როგორც ჩანს, ასე დაარწმუნა ხელისუფლება გიორგი ხაინდრავამ, „ჰეროკრატიის“ ავტორმა. დაარწმუნა, რომ ფილმი არ იქნებოდა მხოლოდ შიდა ბაზრისთვის განკუთვნილი ძვირფასი საქონელი... რომ „ჰეროკრატია“ დიდ კინოფესტივალებს მოივლიდა და მსოფლიოს სააკაშვილის რეჟიმის ნამდვილ სახეს დაანახვებდა. მაგრამ „ჰეროკრატია“ დაგვეკარგა. თავისი საქმე შეასრულა და გაქრა.

ეჰ, მიხეილ ჭიაურელი ცოცხალი აღარაა. თორემ კონკურსის გამოცხადებაც არ დაგვჭირდებოდა. ისეთ ფილმს გადაიღებდა, აქაურებსაც გულს გაუნათებდა და მსოფლიოსაც გააკვირვებდა. ასე მოხდა, მაგალითად, 1946 წელს, როცა სტალინის პირდაპირი დაკვეთით გადაღებული ჭიაურელის „ფიცი“ ვენეციის კინოფესტივალის „ვერცხლის ლომით“ აღინიშნა. ხრუშჩოვმა, თავის სკანდალურ მოხსენებაში კომპარტიის მეოცე ყრილობაზე, ორჯერ ახსენა ეს სურათი, გადაუარა ყველა მხრიდან, მერე აკრძალა, ჭიაურელს პრობლემები შეუქმნა, მთლად სვერდლოვსკის კინოსტუდიაში გაუშვა სამუშაოდ (გადაასახლა), მაგრამ წლების მერე „ფიცი“ ისევ გაცოცხლდა - 1988 წელს, პარიზში, პომპიდუს ცენტრში მოწყობილ ქართული ფილმების ფესტივალზე, „ფიცი“ მაყურებლით გადაჭედილ დარბაზებში უჩვენეს. აბა, სხვა რომელი ქართველი რეჟისორი იცით, ხელისუფალსაც რომ ასიამოვნებდა და მთელ მსოფლიოშიც რომ გაითქვამდა სახელს? რომელი ქართველი რეჟისორი ფლობდა ასე კარგად ისტორიული ჟანრის ტექნოლოგიებს? იმდენად კარგად, რომ მის მიერ შექმნილი „ისტორია“ ხალხის მეხსიერებაში „ნამდვილი ისტორიის“ სახით აღიბეჭდებოდა.

ასე მოხდა, მაგალითად, ჭიაურელის „გიორგი სააკაძის“ (ასევე „ზაკაზის“) გადაღების წინ. სტალინმა ჯერ ისტორია დააწერინა მეცნიერებს და შემდეგ კინემატოგრაფისტებს შესთავაზა ამ მოგონილი ისტორიის კინოსახეებში აღბეჭდვა. 1936 წლიდან საბჭოთა კინემატოგრაფისტებმა აქტიურად დაიწყეს ისტორიული გმირების რეკონსტრუქცია საბჭოთა ისტორიკოსებთან უშუალო თანამშრომლობით. დიმიტრი პოჟარსკი, სუვოროვი, კუტუზოვი... დადებითი ისტორიული გმირები მაგალითს იძლეოდნენ შინაურ თუ გარე მტერთან ბრძოლაში. თუმცა ყველა მათგანში აუცილებლად უნდა გამოხატულიყო რაღაც სისუსტე, მათ აუცილებლად უნდა დაეშვათ შეცდომა, დიდი ტკივილის ფასად უნდა გაეკეთებინათ არჩევანი. ეს იყო სტალინის ეპოქის კინემატოგრაფიულ ესთეტიკაში დაუწერელი კანონი, რომელიც, ცოტა არ იყოს, ბიბლიურ მცნებას ჰგავდა; „ნუ შეიქმნი კერპს”, ოღონდ ამ მცნების „გადმოტრიალებულ” ვარიანტს: „ნუ შეიქმნი კერპს, რადგან მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი, იოსებ სტალინი”.

რელიგიური მოტივები სტალინისადმი მიძღვნილ ჭიაურელის ყველა ფილმში წარმოჩნდება, თუმცა „ფიცი” განსაკუთრებულია - ესაა ნამდვილი კინო-ხატი, რომელზეც მეორე მსოფლიო ომში გამარჯვებულ საბჭოთა ხალხს ლოცვა უნდა დაეწყო, ამ სიტყვის ახლა უკვე პირდაპირი გაგებით. მაგალითად, „ფიცში“ არის ერთი საგულისხმო სცენა, დღევანდელი გადასახედიდანაც კი აბსოლუტურად ხულიგნური: ლენინის სიკვდილის შემდეგ სტალინი, მიხეილ გელოვანის შესრულებით, გორკაში სკამზე ჩამოჯდება. მოულოდნელად, მის სახეს ძლიერი სინათლის სხივი დაეცემა. მერე სტალინი თავის საწერ მაგიდას მიუჯდება, ჩიბუხს გააბოლებს და ლენინის თავების ხატვას იწყებს. ამის შემდეგ ახალი ბელადი წითელ მოედანზე გადის და ფიცს დებს. გამოდის, რომ სტალინი ხელისუფლების პირველი პირი არა მარტო „ლენინის ანდერძმა“ გახადა, არამედ ხილვამ, რელიგიურმა ექსტაზმა, რომელიც ფილმის მსვლელობის დროს მაყურებელსაც გადაედო.

ომამდე და ომის დროს გადაღებულ ისტორიულ ფილმებში (მათ შორის, „გიორგი სააკაძეში“) ავტორის მთავარი მიზანი პუბლიკის პატრიოტული აღზრდა იყო. თუმცა ისიც აუცილებელი გახდა, რომ ფილმს თანამედროვე ჟღერადობა არ დაეკარგა. „გიორგი სააკაძეში“ აუცილებელი იყო შექმნილიყო ტოტალური დაბეზღების, ფარისევლობის, ღალატის ატმოსფერო, აუცილებელი იყო, მაყურებელს ეგრძნო, რომ მეჩვიდმეტე საუკუნის საქართველოში, ფაქტობრივად, არ იყო ძალა, რომელსაც გიორგი სააკაძე ქვეყნის განთავისუფლებისთვის ბრძოლაში დაეყრდნობოდა. ამ დროს ძალიან ძლიერია ხოლმე გმირი-წმინდანის მოთხოვნილება. ყველა ცოდვილია, ყველა მოღალატეა (როგორც ჩვენი ირაკლი კობახიძე იტყოდა, „ბოლია“), იმ ერთის და განუმეორებლის გარდა, ჩვენი დღევანდელი დავით აღმაშენებლის გარდა.

დღეს ჭიაურელის „ფიცი” აღიქმება როგორც სტალინიზმის უტრირებული დოკუმენტი, რომელიც იმდენად აბსურდულია, რომ საშუალებას გვაძლევს, „გავუცხოვდეთ” ყველაფერი იმისგან, რაც ხდება ეკრანზე. სურათის გმირს, ვარვარას, მენშევიკები ქმარს მოუკლავენ, ის კი ჯერ „ლენინ-სტალინისადმი” მიძღვნილ წერილს წაიკითხავს და მხოლოდ შემდეგ დასტირის მეუღლეს... „შენ – ჩვენი ლენინი ხარ!” – ეტყვის სტალინს უზბეკი რევოლუციონერი, მის უკან კი ქრისტიანული ეკლესია გამოჩნდება... მერე კი ყველა ერთად იტყვის, ჩვენი ქვეყანა უძლეველ ციხესიმაგრედ უნდა ვაქციოთო. მერე ეკრანზე დნეპრის ჰესის მშენებლობის სურათები ჩნდება, ქართული ჩაის პლანტაციები, შუა აზიის არხები. ყველაფერი ეს უსაზღვროების სიძლიერეს გამოხატავს. ამ უსაზღვროებას თავისი ღმერთი ჰყავს: უზბეკი იუსუფი ცისკენ იშვერს ხელს – ცაში სტალინის ტრანსპარანტი კიდია. იუსუფი ამბობს: „აი, ჩვენი მშენებელი!”...

რაღა დროს სტალინი და უზბეკი იუსუფია... ეს გაიფიქრე ახლა ხო, ძვირფასო მკითხველო? წესიერი ადამიანი ხარ და იმიტომ. მაშ, დიდგორის ბრძოლის თემამ რატომ დაგაინტერესა? რატომ არის აქტუალური ეგ თემა, შენი აზრით? და რატომ მოინდომა ამ გაგანია პანდემიის დროს დავით აღმაშენებელზე ფილმის გადაღება ქალბატონმა თეა წულუკიანმა? მართლა „გასუდარსტვენნი ზაკაზია“ ეს? თუ იმ ბრძენი კაცის მორიგი აკვიატება - კაცისა, რომელმაც ცხრათავიანი ნაცდრაკონი დაამარცხა... დიდება მას!

  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG