Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მედიაკოალიცია: აბსანძის GPB-დან გათავისუფლება ხელისუფლების კრიტიკას შესაძლოა უკავშირდებოდეს


კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის მიიჩნევს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლიდან ჟურნალისტ ირაკლი აბსანძის გათავისუფლება შესაძლოა მისგან ხელისუფლებისა და თავად ტელევიზიის კრიტიკას უკავშირდებოდეს. ამ შინაარსის განცხადება 11-მა ორგანიზაციამ გაავრცელა.

"მიუხედავად იმისა, რომ ირაკლი აბსანძე არაერთგზის იყო საჯარო სივრცეში ძალადობრივი ჯგუფების შეურაცხმყოფელი თავდასხმის სამიზნე, სამწუხაროდ, საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტს არ გადაუდგამს ეფექტური ნაბიჯები მის დასაცავად.

ირაკლი აბსანძის გათავისუფლება ქვეყანაში კრიტიკულად გაუარესებული მედია გარემოს და წინასაარჩევნო პერიოდს ემთხვევა, რაც კიდევ უფრო აღრმავებს ეჭვებს საზოგადოებრივი მაუწყებლის სარედაქციო დამოუკიდებლობის მიმართ. უნდობლობას იწვევს ასევე მაუწყებლის გენერალური დირექტორის ბრძანების სამართლებრივი საფუძვლები და აღნიშნული გადაწყვეტილება შთაბეჭდილებას ტოვებს, რომ ჟურნალისტის გათავისუფლება მის კრიტიკული მოსაზრებებს უკავშირდება", - ვკითხულობთ განცხადებაში.

ტოქშოუ „კვირის ინტერვიუს“ წამყვანი, ჟურნალისტი ირაკლი აბსანძე საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის თინათინ ბერძენიშვილის ბრძანებით სამსახურიდან დაითხოვეს. გენერალური დირექტორის ბრძანება 2021 წლის 9 აგვისტოთი თარიღდება და მიზეზად მითითებულია, რომ წამყვანმა მაუწყებლის ქცევის კოდექსი დაარღვია. კონკრეტულად ის რამდენიმე პუნქტი, რომელიც სოციალური ქსელების გამოყენებას არეგულირებს.

ტელეწამყვანი გათავისუფლებას უკავშირებს 5-6 ივლისის მოვლენების დროს თავის აქტიურობას ფეისბუკსა და საპროტესტო აქციებზე. ამ დღეებში ის აგინებდა სახელმწიფო უწყებებს და იყენებდა უხამს გამონათქვამებს.

დღეს გავრცელებული განცხადების ხელმომწერები არიან:

  • ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი - IDFI
  • მაუწყებელთა ალიანსი
  • მედიაკლუბი
  • მედიის განვითარების ფონდი
  • მედიის უფლებები
  • სატელევიზიო ქსელი
  • საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო - TI
  • სამართლიანი არჩევნების და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება - ISFED
  • საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაცია - GRMA
  • საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია
  • ღია საზოგადოების ფონდი OSGF

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG