Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მუამარ კადაფის ვაჟი რუსულ სამხედრო კომპანიასთან სავარაუდო კავშირისთვის იძებნება


სეიფ ალ-ისლამი. 2011 წ. ფოტო.
სეიფ ალ-ისლამი. 2011 წ. ფოტო.

ლიბიის სამხედრო პროკურატურამ ყოფილი დიქტატორის, მუამარ კადაფის ვაჟის, სეიფ ალ-ისლამის დაპატიმრების ორდერი გამოწერა. ის ეჭვმიტანილია კავშირში რუს დაქირავებულ მებრძოლებთან რუსეთის კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერიდან“, რომელიც, თავის მხრივ, სამხედრო დანაშაულებებშია ეჭვმიტანილი. კადაფის 49 წლის ვაჟმა ახლახან განაცხადა, რომ პოლიტიკაში დაბრუნება სურს. ის შეიძლება ერთ-ერთი კანდიდატი გახდეს ქვეყნის საპრეზიდენტო არჩევნებში.

დაპატიმრების შესახებ ორდერის გაცემის თაობაზე მიმდინარე კვირაში გახდა ცნობილი, იტყობინებიან გამოცემები The North Africa Post-ი და The Libya Observer-ი. ორდერი 2019 წლის 5 აგვისტოსაა გაცემული ხალიფა ჰაფთარის ჯარების სავარაუდო სამხედრო დანაშაულებებთან დაკავშირებით. მრავალრიცხოვანი მტკიცებულების საფუძველზე, ლიბიის სამოქალაქო ომში მათ მხარეზე იბრძოდნენ რუსი დაქირავებული მეომრები „ვაგნერიდან“.

ადრე იტყობინებოდნენ, რომ პოლიტტექნოლოგები, რომლებიც „ვაგნერის“ სავარაუდო მფლობელისთვის, ევგენი პრიგოჟინისთვის მუშაობდნენ, სეიფ ალ-ისლამის კანდიდატურის მხარდაჭერას გეგმავდნენ ქვეყნის საპრეზიდენტო არჩევნებში.

სეიფ ალ-ისლამი მამამისის მმართველობის დროს ლიბიაში პოლიტიკური ცხოვრების ლიბერალიზაციას უჭერდა მხარს. ის ლონდონის ეკონომიკური სკოლის კურსდამთავრებულია. 2015 წელს ლიბიის ხელისუფლებამ მას სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა, რის შემდეგაც გაათავისუფლეს პარლამენტის მიერ მიღებული ამნისტიის საფუძველზე.

მთავრობა და პარლამენტი სამოქალაქო ომის ორი მთავარი მხარეა ლიბიის სამოქალაქო ომში, რომელიც 2020 წლის ბოლომდე გრძელდებოდა. მოსახლეობის პროტესტისა და კორონავირუსის პანდემიის ფონზე მხარეები ერთიანი მინისტრთა კაბინეტის შექმნისა და საყოველთაო არჩევნების მომზადების შესახებ შეთანხმდნენ.

XS
SM
MD
LG