Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვიოლა ფონ კრამონმა სუს-სა და ბელარუსის კგბ-ს შორის თანამშრომლობის დოკუმენტი დაგმო


ვიოლა ფონ კრამონი
ვიოლა ფონ კრამონი

ევროპის პარლამნეტის დეპუტატი ვიოლა ფონ კრამონი სახიფათოს უწოდებს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურსა და ბელარუსის კგბ-ს შორის თანამშრომლობის შეთანხმებას.

"ეს მართლაც ძალიან საშიშია. რატომ ახდენს საქართველო შეთანხმების იმპლემენტირებას 5 წლის შემდეგ იმ ვითარებაში, როცა მთელმა დანარჩენმა მსოფლიომ შეწყვიტა ბელარუსთან თანამშრომლობაზე? საქართველოს მთავრობამ პატივი უნდა სცეს ადამიანის უფლებებს და არ გადასცეს ჟურნალისტები და უფლებადამცველები ლუკაშენკას". - წერს ვიოლა ფონ კრამონი ტვიტერზე.

დოკუმენტის ამოქმედების შემდეგ საქართველოში მცხოვრები ბელარუსელი აქტივისტები და ჟურნალისტები შიშობენ, რომ შესაძლოა, ისინი გამოგონილი ბრალდებებით დააკავონ და ბელარუსს გადასცენ.

ბელარუსის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტსა და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს შორის თანამშრომლობის შესახებ სახელმწიფოთაშორისი შეთანხმების ამოქმედების შესახებ ინფორმაცია გუშინ გავრცელდა. დოკუმენტი 13 აგვისტოს ოფიციალურად გამოქვეყნდა ბელარუსის შესაბამისი ორგანოს ვებსაიტზე.

როგორც იუწყება reform.by, შეთანხმება შემუშავებული იყო ხუთ წელზე მეტი ხნის წინ და მხარეებმა მას ხელი მოაწერეს ჯერ კიდევ 2016 წელს, მაგრამ ამას მოჰყვა შიდა პროცედურების დამტკიცება, რომელმაც ხუთ წელიწადს გასტანა.

ახლა კი შეთანხმება ძალაში შევიდა და მისი მოქმედება 2021 წლის 1 აგვისტოდან დაიწყო.

2016 წელს დოკუმენტის ხელმოწერის დროს სუს-ს ხელმძღვანელობდა ვახტანგ გომელაური, ამჟამინდელი შინაგან საქმეთა მინისტრი.

შეთანხმება ბელარუსის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტსა და სუს-ს შორის თანამშრომლობის რეგლამენტირებას ახდენს. ეს ეხება ინფორმაციის გაცვლას, ხელშეწყობას ისეთი დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლაში, როგორიცაა: სახელმწიფო უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართული დანაშაული, ტერორიზმი და კიბერტერორიზმი, ორგანიზებული დანაშაული, იარაღის უკანონო ბრუნვა, კორუფცია, საიდუმლო ინფორმაციის გამჟღავნება და სხვ.

თანამშრომლობის ფორმები ითვალისწინებს მოთხოვნების შესრულებას და პერსონალური ინფორმაციის გადაცემას, ერთობლივი ღონისძიებების გამართვას, გამოცდილების გაზიარებას და ა.შ.

შეთანხმება ასევე ითვალისწინებს უსაფრთხოების საკითხებში წარმომადგენლების ან ატაშეების ერთობლივად გაგზავნას სხვა სახელმწიფოს ტერიტორიაზე კონკრეტული ან განუსაზღვრელი ვადით.

ბელარუსს ანალოგიური შეთანხმებები გაფორმებული აქვს სხვა ქვეყნებთანაც, მათ შორის, უკრაინასთან.

ბელარუსში ფართო მასშტაბის საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა 2020 წლის 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნებს. მასში ოფიციალურ გამარჯვებულად მეექვსედ გამოცხადდა ალიაქსანდრ ლუკაშენკა, რომელიც 1994 წლიდან უდგას სათავეში ბელარუსს. ოპოზიცია არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევს.

საპროტესტო გამოსვლების დროს 32 ათასზე მეტი ადამიანი დააპატიმრეს, პოლიციამ ათასობით ადამიანს სცემა ქუჩებსა და დაკავების ადგილებში, ხშირ შემთხვევებში იტყობინებიან წამების შესახებ. ოპოზიციის ლიდერები პატიმრობაში ან დევნილობაში იმყოფებიან.

ამის საპასუხოდ აშშ-მა, ევროკავშირმა, კანადამ, ბრიტანეთმა და სხვა ქვეყნებმა ლუკაშენკასა და მისი გარემოცვის წინააღმდეგ სანქციების პოლიტიკას მიმართეს.

XS
SM
MD
LG