Accessibility links

site logo site logo

თალიბები ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში შედიან


კვირას თალიბებმა ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში შესვლა დაიწყეს. მეამბოხეები ყველა მხრიდან უახლოვდებიან ქალაქს, იტყობინება ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტრო. მოგვიანებით სააგენტოებმა გაავრცელეს სამინისტროს ხელმძღვანელის, აბდულ სატარ მირზაკვალის სიტყვები იმის შესახებ, რომ „ქაბულზე იერიშს არ მიიტანენ“. მინისტრმა ახსენა ასევე „ქალაქის მშვიდობიანი გადაცემა“.

სამმა ანონიმმა წყარომ უთხრა Associated Press-ს, რომ თალიბები უკვე ქაბულის რამდენიმე კვარტალში იმყოფებიან, მათ შორის - კარაკანში, ყარაბაღსა და პაღმანში. სააგენტოს მოჰყავს თალიბების ოფიციალური წარმომადგენლის განცხადება ტელეარხ „ალ ჯაზირას“ ეთერში იმის თაობაზე, რომ ისლამისტური მოძრაობა „ქაბულის მშვიდობიან გადაცემას ელოდება“.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ თალიბების ოფისმა, რომელიც ყატარის დედაქალაქ დოჰაში მოქმედებს, თავის მეომრებს მოუწოდა, დარჩნენ ქაბულის შესასვლელებში და არ დაუშვან მშვიდობიანი მოსახლეობის სიკვდილი, უსაფრთხო დერეფანი გაუხსნან ყველას, ვისაც ქალაქის დატოვება სურს. ქაბულში მყოფ ქალებს ურჩიეს, უსაფრთხო ადგილებს შეაფარონ თავი.

ავღანეთიდან საკუთარი თანამშრომლების ევაკუაცია ამჟამად აშშ-ისა და ევროკავშირს მისიების უპირველესი ამოცანაა. ამერიკელთა მთავარი საოპერაციო ცენტრი ქაბულის აეროპორტში მოქმედებს, იტყობინება Reuters-ი აშშ-ის ხელისუფლების ერთ-ერთ წარმომადგენელზე დაყრდნობით.

კვირას დილით თალიბებმა უბრძოლველად დაიკავეს ჯალალაბადი, რომელიც, ქაბულის გარდა, ერთადერთი მსხვილი ქალაქი იყო, რომელსაც ისინი ჯერ არ აკონტროლებდნენ. ამის შემდეგ მათ ხელში გადავიდა ვარდაკის რეგიონის ადმინისტრაციული ცენტრი მაიდანშახრი. თალიბებმა ასევე აიღეს ბამიანი და დეიკუნდის რეგიონის დედაქალაქი ნილი. მანამდე მათ დაიკავეს ჩრდილოეთში მდებარე მნიშვნელოვანი სავაჭრო და სატრანსპორტო ცენტრი მაზარ-ი-შარიფი. თალიბების ხელში აღმოჩნდა ქვეყნის 34 პროვინციის უდიდესი ნაწილი.

ავღანეთიდან ჯარების გაყვანის გადაწყვეტილება აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მიიღო. ამჟამინდელმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ჯარები სექტემბრის პირველ ნახევარში უნდა იქნენ საბოლოოდ გამოყვანილი. ბაიდენის სიტყვებით, მას არ შეუძლია, გამართლება მოუნახოს ამერიკის ყოფნის გაგრძელებას სხვა ქვეყნის სამოქალაქო კონფლიქტის ცენტრში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG