Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

WSJ: ქაბულის აეროპორტში მსხვერპლია


სულ მცირე 3 ადამიანი დაიღუპა ქაბულის აეროპორტის სამგზავრო ტერმინალში სროლის შედეგად. ამის შესახებ გამოცემა Wall Street Journal-ი წერს. მანამდე სააგენტო AFP იუწყებოდა, რომ ამერიკელმა სამხედროებმა ჰაერში გამაფრთხილებელი სროლა დაიწყეს აეროპორტის ასაფრენ ზოლზე შეჭრილი ხალხის დასაშლელად. აეროპორტში მყოფ ამერიკელ სამხედროებს კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებიათ.

ავღანეთის ხელისუფლებაში ექსტრემისტული დაჯგუფების, „თალიბანის“ დაბრუნების შემდეგ, ათასობით ავღანელი ქვეყნიდან გაქცევას ცდილობს. ამერიკული კონტინგენტი ქაბულის აეროპორტში უზრუნველყოფს ავღანეთიდან შეერთებული შტატების მოქალაქეების და ამერიკულ მისიაზე მომუშავე ავღანელების გაყვანას.

ექსტრემისტულმა დაჯგუფება „თალიბანმა“, რომლის რეჟიმი 2001 წელს დაემხო ნატოს საერთაშორისო ოპერაციის შედეგად, ძალაუფლება 2021 წლის აგვისტოში დაიბრუნა, მას შემდეგ, რაც ქვეყანა დატოვეს საერთაშორისო კოალიციურმა ძალებმა აშშ-ის მეთაურობით. პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ავღანეთიდან ამერიკული სამხედრო კონტინგენტის გაყვანის საბოლოო გადაწყვეტილება ამ გაზაფხულზე მიიღო, რის შემდეგაც "მტკიცე მხარდაჭერის მისიაში" ჩართული სამხედროები გაიწვიეს ნატოს სხვა სახელმწიფოებმაც და ალიანსის პარტნიორმა ქვეყნებმა, მათ შორის საქართველომ. შესაბამისად, დასრულდა ავღანეთში 20-წლიანი საერთაშორისო მისია.

"თალიბანმა" ავღანეთის სამთავრობო ძალებზე ინტენსიური შეტევა ივლისის ბოლოდან დაიწყო და 15 აგვისტოს კონტროლი დაამყარა დედაქალაქ ქაბულზეც. ავღანეთის პრეზიდენტმა აშრაფ ღანიმ ქვეყანა დატოვა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG