Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საფრანგეთი დაიწყებს პირველი მოქალაქეების გამოყვანას ავღანეთიდან


საფგანგეთის თავდაცვის მინისტრი, ფლორენს პარლი.
საფგანგეთის თავდაცვის მინისტრი, ფლორენს პარლი.

ორშაბათს საღამოს საფრანგეთი დაიწყებს თავისი მოქალაქეების გაყვანას ქაბულიდან არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში, საჰაერო გზით, განაცხადა საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა ფლორენს პარლიმ.

„რამდენიმე ათეული მოქალაქე იქნება ევაკუირებული ავღანეთიდან, მათ შორის, დიპლომატიური პერსონალი და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები“, - უთხრა მინისტრმა France Info-ს.

„ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ საფრანგეთში დასაბრუნებლად ხელი შევუწყოთ ყველას, ვისაც სურს და შეუძლია მიაღწიოს ქაბულის აეროპორტს“, - თქვა მან.

პარლის თქმით, საფრანგეთი გეგმავს ევაკუაციას საფრანგეთის მოქალაქეებისა და „ყველა იმ ადამიანისა, ვინც ჩვენი დაცვის ქვეშ იმყოფება“.

ორი ფრანგული სამხედრო თვითმფრინავი იქნება გამოყენებული ევაკუაციისთვის.

ავღანეთთან დაკავშირებით პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი საკუთარ მოსახლეობას სიტყვით მიმართავს 22 საათზე (თბილისის დროით).

ავღანეთის ხელისუფლებაში ექსტრემისტული დაჯგუფების, „თალიბანის“ დაბრუნების შემდეგ, ათასობით ავღანელი ქვეყნიდან გაქცევას ცდილობს. ამერიკული კონტინგენტი ქაბულის აეროპორტში უზრუნველყოფს შეერთებული შტატების მოქალაქეების და ამერიკულ მისიაზე მომუშავე ავღანელების გაყვანას.

ექსტრემისტულმა დაჯგუფება „თალიბანმა“, რომლის რეჟიმი 2001 წელს დაემხო ნატოს საერთაშორისო ოპერაციის შედეგად, ძალაუფლება 2021 წლის აგვისტოში დაიბრუნა, მას შემდეგ, რაც ქვეყანა დატოვეს საერთაშორისო კოალიციურმა ძალებმა აშშ-ის მეთაურობით. პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ავღანეთიდან ამერიკული სამხედრო კონტინგენტის გაყვანის საბოლოო გადაწყვეტილება ამ გაზაფხულზე მიიღო, რის შემდეგაც "მტკიცე მხარდაჭერის მისიაში" ჩართული სამხედროები გაიწვიეს ნატოს სხვა სახელმწიფოებმაც და ალიანსის პარტნიორმა ქვეყნებმა, მათ შორის საქართველომ. შესაბამისად, დასრულდა ავღანეთში 20-წლიანი საერთაშორისო მისია.

"თალიბანმა" ავღანეთის სამთავრობო ძალებზე ინტენსიური შეტევა ივლისის ბოლოდან დაიწყო და 15 აგვისტოს კონტროლი დაამყარა დედაქალაქ ქაბულზეც. ავღანეთის პრეზიდენტმა აშრაფ ღანიმ ქვეყანა დატოვა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG