Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბელარუს აქტივისტს, სტსიაპან ლატიპაუს რვა-ნახევარი წლით მიუსაჯეს პატიმრობა


მინსკის სასამართლომ რვა-ნახევარი წლით კოლონიაში პატიმრობა და ფულადი ჯარიმა მიუსაჯა 41 წლის აქტივისტს, სტსიაპან ლატიპაუს, - იუწყება უფლებადამცველი ცენტრი "ვიასნა".

ის დამნაშავედ ცნეს განსაკუთრებით მსხვილი მასშტაბის მაქინაციებში, წესრიგის უხეშ დარღვევასა და მილიციისთვის წინააღმდეგობის გაწევაში. თავად ლატიპაუ ბრალს არ აღიარებს.

ლატიპაუ ხეების მოვლის სპეციალისტია, ის იყო აქტივისტი "ცვლილებების მოედანზე" - მინსკის ჩრდილოეთში მდებარე ადგილზე, სადაც 2020 წლის ზაფხულში იკრიბებოდნენ საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების საწინააღმდეგო დემონსტრაციების მონაწილეები.

მილიციამ ლატიპაუ 2020 წლის სექტემბერში დააკავა, როცა ის, მეზობლებთან ერთად, შეეცადა შეეჩერებინა მოედანზე ნახატის გადაღებვა. ამის შემდეგ ბელარუსის სახელმწიფო ტელევიზიით გავიდა სიუჟეტები, რომლებშიც ამტკიცებდნენ, რომ აქტივისტმა ორგანიზება გაუკეთა ქვეყანაში ქიმიკატების შეტანას, რომელთა მეშვეობითაც ის მილიციის მუშაკების მოწამვლას ცდილობდა - თუმცა მის სისხლის სამართლის საქმეში ეს ეპიზოდი არ შეუტანიათ.

საბრალდებო დასკვნის თანახმად, ლატიპაუმ ტელეგრამზე შექმნა ჯგუფი, რომელშიც ხალხს მოუწოდებოდა ორგანიზაციაში გაერთიანებისკენ, "თავიანთი საზოგადოებრივი და პოლიტიკური შეხედულებების საჯაროდ გამოხატვის, პროტესტის და დესტრუქციული ქმედებების მიზნით". მას ასევე ბრალად ედება 16 კომპანიისგან 123 ათასი ბელარუსული რუბლის წაღება, მცენარე დიყთან ბრძოლის საბაბით.

ივნისში, სასამართლო სხდომაზე ლატიპაუმ განაცხადა, რომ 51 დღის განმავლობაში იმყოფებოდა ე.წ. პრესის კამერაში - სადაც სხვა მსჯავრდებულები ადმინისტრაციის დავალებით პატიმრებს გაუსაძლის ვითარებაში ამყოფებენ. გარდა ამისა, მისი თქმით, სამართალდამცავი ორგანოები ეუბნებიან, რომ მის ნათესავებზეც აღძრავენ სისხლის სამართლის საქმეებს, თუკი ლატიპაუ ბრალს არ აღიარებს. ამ განცხადების შემდეგ ლატიპაუ სასამართლოს დარბაზში შეეცადა სიცოცხლის თვითმკვლელობით დასრულებას.

მინსსა და ბელარუსის სხვა მსხვილ ქალაქებში ერთი წლის წინ დაიწყო მასობრივი საპროტესტო გამოსვლები საპრეზიდენტო არჩევნების ოფიციალური შედეგების წინააღმდეგ. არჩევნებზე, რომელსაც ოპოზიცია და დასავლეთის ბევრი ქვეყანა გაყალბებულად მიიჩნევენ, მეექვსე ვადით ალიაქსანდრ ლუკაშენკა გამოცხადდა გამარჯვებულად.

საპროტესტო აქციების წინააღმდეგ მთავრობამ სასტიკ რეპრესიებს მიმართა, დააკავეს ათიათასობით მოქალაქე, სხვადასხვა დანაშაულის ბრალდებით დააპატიმრეს ათასობით პირი.

აშშ, ევროკავშირი და დასავლეთის ბევრი ქვეყანა არ აღიარებენ საპრეზიდენტო არჩევნების შედეგს და ლუკაშენკას ლეგიტიმურობას ქვეყნის პრეზიდენტის რანგში. ვაშინგტონი მას მოუწოდებს ოპოზიციასთან დიალოგის დაწყებისკენ და ახალი, თავისუფალი არჩევნების დანიშვნისკენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG