Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საჭიროების შემთხვევაში „დელტას“ ბაზაზე საწოლებს დაამზადებენ - თავდაცვის სამინისტრო COVID-თან ბრძოლაში ჩაერთო


საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ბრძანების შესაბამისად, ახალი კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით, ვაქცინაციის ეფექტიანად განხორციელების პროცესში თავდაცვის ძალები უკვე ჩაერთო.

თავდაცვის უწყებამ შექმნა მობილური სამხედრო-სამედიცინო ჯგუფები, რომლებიც შესაბამისი საჭიროების მიხედვით ჩაერთვებიან პროცესებში. ისინი ადგილობრივ მუნიციპალიტეტებთან კოორდინაციით უზრუნველყოფენ, ვაქცინაციის პროცესი ხელმისაწვდომი გახადონ იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც არსებული ვაქცინაციის პუნქტებით სარგებლობას ვერ ახერხებენ.

გარდა ამისა, თავდაცვის სამინისტრომ უკვე გამოყო გარკვეული რესურსები პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლის პროცესის მხარდასაჭერად. ამ ეტაპზე, ჯანდაცვის სამინისტროს თავდაცვის სამინისტროსგან ასეულობით საწოლი გადაეცა, რომლებიც განთავსებულია ორ ლოკაციაზე - დიღომსა და სამგორში.

უწყების ინფორმაციით, თავდაცვის სამინისტრო გამოხატავს მზადყოფნას, საჭიროების შემთხვევაში, სსსტც „დელტას“ ბაზაზე ყოველთვიურად ათასამდე დამატებითი საწოლი დაამზადოს და ჯანდაცვის სამინისტროს გადასცეს.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ დღეს დილით გამოქვეყნებული მონაცემებით, გუშინ, 15 აგვისტოს, აიცრა 14 784 ადამიანი. 15 მარტიდან გაკეთებულია 806 681 აცრა. მათგან სრულად, ორივე დოზით აცრილია 238 871.

2020 წლის 26 თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, სულ აღრიცხულია 484 254 შემთხვევა. მათგან 425 651 გამოჯანმრთელების. COVID-19-ით გარდაცვლილია 6436 ადამიანი.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 52 141, საიდანაც 6 986 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG