Accessibility links

site logo site logo

გავრცელებული ცნობებით, აშშ გამოვა COVID-19-ის საწინააღმდეგო აცრის დამატებითი დოზის შემოღების ინიციატივით


გავრცელებული ცნობებით, ბაიდენის ადმინისტრაცია აპირებს გამოვიდეს ინიციატივით, რომ ამერიკელების უმრავლესობამ კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრის დამატებითი, ე.წ. "ბუსტერი" დოზა უნდა მიიღოს, ვაქცინაციის კურსის დასრულებიდან რვა თვეში.

იმ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით, რომლებიც ამ დისკუსიას იცნობენ, ნიუ-იორკ ტაიმსი და ვაშინგტონ პოსტი 16 აგვისტოს წერენ, რომ ამ შინაარსის განცხადება შესაძლოა უკვე მიმდინარე კვირაში გაკეთდეს. როგორც იუწყებიან, ჯანდაცვის სფეროს მესვეურები დამატებითი დოზის შესახებ დასკვნამდე მივიდნენ კორონავირუსის ახალი, დელტა ვარიანტის გავრცელების გამო, და ასევე იმ მზარდი მტკიცებულებების გათვალისწინებით, რომ ვაქცინათა ეფექტიანობა დროის განმავლობაში იკლებს.

გავრცელებული მოლოდინით, პირველი "ბუსტერები" გაუკეთდება მოხუცებულების სახლთა მცხოვრებთ და ჯანდაცვის სფეროს თანამშრომლებს, შემდეგ კი ზოგადად ხანდაზმულ მოსახლეობას. მესამე დოზის გაკეთება შესაძლოა უკვე სექტემბრიდან დაიწყოს.

დელტა ვარიანტი აშშ-ში ინფიცირების მაჩვენებლის ზრდას იწვევს. ინფიცირების შემთხვევათა უმრავლესობა აუცრელ მოსახლეობაზე მოდის, თუმცა მათი რიცხვი აცრილებს შორისაც იზრდება.

აშშ-ის გადაწყვეტილებას საფუძვლად უდევს ასევე ისრაელის მონაცემები, სადაც "ბუსტერის" ადმინისტრირება ხანდაზმულ მოსახლეობაში ორი კვირის წინ დაიწყეს. ისრაელი მსოფლიოს ერთ-ერთი ლიდერი ქვეყანა იყო მოსახლეობის ვაქცინაციის თვალსაზრისით, Pfizer-BioNTech-ის პრეპარატის გამოყენებით. მაგრამ ბოლო კვირებში იქაც იზრდება ინფიცირების მაჩვენებელი, დიდწილად კორონავირუსის დელტა ვარიანტის გამო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG