Accessibility links

site logo site logo

ქაბულში რუსეთის ელჩი თალიბანის წარმომადგენლებს შეხვდება


რუსეთის მაღალი რანგის ოფიციალური პირი აცხადებს, რომ ავღანეთში რუსეთის ელჩი, დმიტრი ჟირნოვი, 17 აგვისტოს მოლაპარაკებას გამართავს თალიბანის წარმომადგენლებთან, რუსეთის მოქალაქეების და საელჩოს თანამშრომლების უსაფრთხოებაზე სასაუბროდ.

რუსეთის პრეზიდენტის წარმომადგენელმა, ზამირ კაბულოვმა რადიოსადგურ "ეხო მოსკვის" 16 აგვისტოს უთხრა, რომ ჟირნოვი ქაბულში გამართავს შეხვედრას თალიბანის წარმომადგენლებთან და განიხილავს გზებს, რომლითაც ჯგუფი გეგმავს რუსეთის საელჩოსთვის უსაფრთხოების უზრუნველყოფას. მოსკოვმა თავდაპირველად გამოაცხადა, რომ არ აპირებდა საელჩოს თანამშრომელთა რაოდენობის შეცვლას, თუმცა კაბულოვი ამბობს, რომ საელჩოს თანამშრომელთა ნაწილს შვებულებაში გაუშვებენ, ან მათ ევაკუაციას მოახდენენ, რათა არეულობის პერიოდში შემცირდეს მათი რიცხვი.

ჟირნოვის თქმით, თალიბანის გასამხედროებული ჯგუფები უკვე იცავენ რუსეთის საელჩოს. "წავიდნენ ავღანეთის ეროვნული უსაფრთხოების არმიის ძალები, რომლებიც გვიცავდნენ. თალიბანის წარმომადგენლებმა კიდევ ერთხლ გვითხრეს, რომ რუსი დიპლომატების თავიდან თმის ღერი არ ჩამოვარდება და განგვიცხადეს, „შეგიძლიათ უსაფრთხოდ გააგრძელოთ მუშაობაო“", - უთხრა ჟირნოვმა ტელეარხ "რასია 24"-ს.

ავღანეთში რუსეთის საელჩოში 100-მდე პირი მუშაობს.

თალიბანმა ბოლო დღეებში გამოაცხადა, რომ ავღანეთის დედაქალაქი დაიკავა, მას შემდეგ, რაც კვირების განმავლობაში იპყრობდა ქვეყნის სხვადასხვა ტერიტორიას. პარალელურად, ავღანეთს ტოვებს აშშ-ის არმია, მათი გამოსვლის პროცესი 31 აგვისტოს უნდა დასრულდეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG