Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ადვოკატის თქმით, მკვლელობის საქმეზე დაკავებული ზურაბ ზვიადაური დუმილის უფლებას იყენებს


მაგდა კოტრიკაძე
მაგდა კოტრიკაძე

თელავში, სოფელ წინანდალში 16 აგვისტოს მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებული ოლიმპიური ჩემპიონის, ზურაბ ზვიადაურისა და მისი მეგობრის, ასევე ბრალდებულის ჯაბა ჯანგირაშვილის ადვოკატი მაგდა კოტრიკაძე ამბობს, რომ ორივე მათგანი დუმილის უფლებას იყენებს. აქედან გამომდინარე, ადვოკატი საქმის დეტალებზე არ საუბრობს. ადვოკატმა მხოლოდ ის თქვა, რომ დაკავებულებს ბრალს 18 აგვისტოს წარუდგენენ.

„მაშინ, როდესაც სრულად არ არიან მოწმეები გამოკითხულები და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები, არ მიმაჩნია სწორად საქმის დეტალებზე ღიად საუბარი", - განაცხადა ადვოკატმა მაგდა კოტრიკაძემ.

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ წინანდალში, სასტუმრო „რედისონთან“ ახლოს, რომელსაც აქაურები „მუხიანის ტყეს“ უწოდებენ, საგამოძიებო სამუშაოები ჯერ კიდევ მიმდინარეობს. ამ ადგილზე სამი ადამიანი, მათ შორის ოლიმპიური ჩემპიონის ზურაბ ზვიადაურის ძმა, ზვიადი 16 აგვისტოს მოკლეს.

რადიო თავისუფლებას ორმა ინფორმირებულმა წყარომ მომხდარის სავარაუდო მოტივებზე, ორი განსხვავებული ვერსია უამბო.

ერთის მიხედვით, წინანდალში მცირე ზომის ღვინის ქარხანას აშენებდნენ თავად ოლიმპიური ჩემპიონი ზურაბ ზვიადაური და მისი ძმა, თუმცა ოფიციალურ დოკუმენტებში მათი გვარი არ ჩანს. იქვე ახლოს მეორე, ტურისტული ობიექტი შენდება და დიდი ხანია მეზობლებს შორის დაპირისპირებაა. მხარეები ტერიტორიას ვერ იყოფენ. ამის გამო მათ ადრეც ბევრჯერ უჩხუბიათ - მომხდარა როგორც სიტყვიერი, ასევე ფიზიკური დაპირისპირება.

მეორე წყაროს ვერსიით კი, თავდაპირველად დაპირისპირება მეზობელ მშენებლობებზე დასაქმებულ მუშებს შორის დაიწყო, რის შემდეგაც „საქმის გასარჩევად“ ადგილზე ძმები ზვიადაურები მიიყვანეს.

ამ დაპირისპირების შედეგად, ორმხრივი სროლის დრო სულ სამი ადამიანი გარდაიცვალა და ორი დაიჭრა.

17 აგვისტოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ოფიციალური განცხადება გაავრცელა, საიდანაც ცნობილი გახდა, რომ განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულია ორი ადამიანი. ერთი - ზურაბ ზვიადაური და მეორე - მისი ახლო ნათესავი ჯაბა ჯანგირაშვილი.

სწორედ ჯანგირაშვილის იარაღიდან გაისროლა ზურაბ ზვიადაურმა.

სამართალდამცავები ჯანგირაშვილს იარაღის მართლსაწინააღმდეგო შენახვას ედავებიან, რასაც ადამიანის გარდაცვალება მოჰყვა.

შს სამინისტრომ გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მესამე ნაწილით, რაც გულისხმობს განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებაში, რამაც ორი ან მეტი პირის გარდაცვალება გამოიწვია. სისხლის სამართლის კოდექსით, მსგავსი დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

XS
SM
MD
LG