Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქაბულიდან საქართველოს 6 მოქალაქის ევაკუირებისთვის პრეზიდენტი უნგრეთს მადლობას უხდის


საქართველოს პრეზიდენტმა უნგრეთს მადლობა გადაუხადა, საქართველოს 6 მოქალაქის ქაბულიდან ევაკუირებისთვის. სალომე ზურაბიშვილმა მადლიერება ტვიტერის გვერდზე გამოხატა.

„მინდა გულწრფელი მადლობა გადავუხადო უნგრეთს ქაბულიდან საქართველოს ექვსი მოქალაქის ევაკუაციაში დახმარებისთვის. სოლიდარობისა და პარტნიორობის ეს გამოვლინება ამ რთულ დროს ძალიან მნიშვნელოვანია. მჯერა, რომ ქაბულში დარჩენილი სხვა ქართველები სახლში უსაფრთხოდ მალე დაბრუნდებიან“.

გამთენისას, ავღანეთიდან საქართველოში უნგრეთის მიერ ორგანიზებული სპეცრეისით დაბრუნდა 6 მოქალაქე, რომლებიც ქაბულში, ამერიკულ კომპანიაში მუშაობდნენ.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ამჟამად ქაბულში რჩება უცხოურ კომპანიებში კონტრაქტით დასაქმებული 16 მოქალაქე. ქართული მხარე პარტნიორ ქვეყნებთან ერთად აგრძელდებს მუშაობას ავღანეთში დარჩენილი მოქალაქეების ევაკუაციისთვის.

ავღანეთიდან უცხო ქვეყნების მოქალაქეთა ევაკუაცია მას შემდეგ დაიწყო, რაც რადიკალურმა დაჯგუფება თალიბანმა 20 წლის წინ დაკარგული ძალაუფლება დაიბრუნა.

თალიბებმა ავღანეთის სამთავრობო ძალებზე ინტენსიური შეტევა ივლისის ბოლოდან დაიწყეს და 15 აგვისტოს კონტროლი დაამყარეს დედაქალაქ ქაბულზეც. ავღანეთის პრეზიდენტმა აშრაფ ღანიმ ქვეყანა დატოვა.

თალიბანმა, რომლის რეჟიმი 2001 წელს დაემხო ნატოს საერთაშორისო ოპერაციის შედეგად, ძალაუფლება მას შემდეგ დაიბრუნა, რაც ქვეყნიდან გასვლა დაიწყეს საერთაშორისო კოალიციურმა ძალებმა აშშ-ის მეთაურობით. პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ავღანეთიდან ამერიკული სამხედრო კონტინგენტის გაყვანის საბოლოო გადაწყვეტილება ამ გაზაფხულზე მიიღო, რის შემდეგაც "მტკიცე მხარდაჭერის მისიაში" ჩართული სამხედროები გაიწვიეს ნატოს სხვა სახელმწიფოებმაც და ალიანსის პარტნიორმა ქვეყნებმა, მათ შორის საქართველომ.

საქართველომ საკუთარი თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეების ავღანეთიდან გაყვანა 2021 წლის ივნისის ბოლოს დაასრულა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG