Accessibility links

site logo site logo

„ხანდახან ფეხები მიკანკალებს, მაგრამ მათ გვერდით ვრჩები“, - ექიმები ჰყვებიან, როგორ უვლიან კოვიდპაციენტებს  


ექიმები კოვიდპანდემიის წინააღმდეგ, ბოკერიას საუნივერსიტეტო კლინიკა

„ყოველდღე ველოდებით, რომ ხვალ უფრო ნაკლები პაციენტი იქნება, მაგრამ პირიქით, დასასრული არ ჩანს“... ექიმები კოვიდ-19-ის წინააღმდეგ - როგორია ეს ბრძოლა? თავად რას ამბობენ იმაზე, რისი „დასასრულიც არ ჩანს“?

მაკა ბოლღაშვილი, პედიატრი, ბოკერიას სახელობის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი

დილით ყავა დავისხი, ახლა უკვე 4 საათია და ჯერ ვერ მოვიცალე დასალევად.

პედიატრი ვარ, მაგრამ ოქტომბრიდან ზრდასრულებთან, კოვიდმიმღების ექიმად ვმუშაობ. ყოველდღე 80-100 პაციენტის მიღება გვიწევს და ყველა გვეკითხება, ცოცხალი გავალ აქედან? ზოგი ძალიან ნერვიულია, დღეს მყავდა 37 წლის ქალი, ვერაფრით დავაწყნარეთ.

მაკა ბოლღაშვილი
მაკა ბოლღაშვილი

ერთი დღე 24 საათი ვმუშაობთ და მეორე დღეს ვისვენებთ. მაგრამ ხანდახან 24 საათზე მეტიც გამოდის. მაგალითად, ჩემი კოლეგა დღეს შუადღის 2 საათამდე დარჩა. რომ ვხედავთ, რთული სიტუაციაა, ვცდილობთ, ერთმანეთს შევეშველოთ იმის იმედად, რომ ოდესღაც დასასრული იქნება, მაგრამ დასასრული არ ჩანს.

კახა ჩომახიძე, რეანიმატოლოგი, ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამედიცინო პრაქტიკული ცენტრი

24 საათი სამსახურში ვართ ყველა. ეკიპირებას რომ ჩავიცვამთ, აღარც ჭამა ახსოვს ვინმეს და აღარც - საპირფარეშო. ვუძლებთ, მაგრამ ხალხიც უნდა მოგვეხმაროს, ნიღბით იაროს, აიცრას. აცრილები რეანიმაციულში არ ხვდებიან, მხოლოდ ერთი შემთხვევა მქონდა, ისიც პაციენტი „დიაბეტიკი“ იყო და შაქარი დაუვარდა. მეორე დღესვე დატოვა რეანიმაცია.

ბოლო წელიწად-ნახევრის განმავლობაში მძიმე პაციენტი ჩვეულებრივი ამბავი გახდა, დაავადებაც გაახალგაზრდავდა. 33 წლის ბიჭი გვყავდა ამასწინათ. კი გაეწერა, მაგრამ ასეთი ახალგაზრდა მანამდე არ მყოლია.

ღამის სამ საათზე ვაჟა აზარაშვილი მოხვდა ჩვენთან, უმძიმეს მდგომარეობაში იყო. ჩემს კოლეგას მარიკა ეფრემიძეს დავურეკე, მოდი, არ მინდა ეს კაცი მარტოს ჩამაკვდეს ხელში-მეთქი. მოვიდა მარიკა. ის რომ არ ყოფილიყო, პაციენტი ვერ გადარჩებოდა.

დიდი სიხარულია, ავადმყოფი რომ გაეწერება, მაგრამ ამის შემდეგ 200-კაციან ქორწილს და ქელეხს რომ ვხედავ, ძალიან ნერვები მეშლება.

დღესაც მყავს ნაცნობები, რომლებიც ამბობენ, კოვიდი არ არსებობსო.

მე ვიგონებ თურმე კოვიდს!

ნინო ქუხილავა, ბოკერიას სახელობის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის კოვიდგანყოფილების ხელმძღვანელი

ძალიან მძიმე საყურებელია, როცა პაციენტი ვერ სუნთქავს. თვალებით რომ ითხოვს დახმარებას. ყველაფერს აკეთებ და მაინც ვერ შველი, რადგან ორგანიზმზეა ბევრი რამე დამოკიდებული. ხანდახან ფეხები მიკანკალებს, მაგრამ მაინც მათ გვერდით ვრჩები.

ნინო ქუხილავა
ნინო ქუხილავა

იმდენად წვალობენ ამ სუნთქვითი ვარჯიშებით, იმდენად ბეზრდებათ, რომ ბოლოს ზოგი თვითონ ითხოვს ინტუბაცია გავუკეთოთ, რომ დაიძინონ და დაისვენონ.

ნათია წინამძღვრიშვილი, კარდიოლოგი, ინტენსიური თერაპიის განყოფილება, ბოკერიას სახელობის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი

სამუშაო დღე ან ღამის 2 საათამდე გრძელდება, ან საერთოდ არ მთავრდება. ეკიპირება შეიძლება 8 საათი არ გავიხადოთ. ის რომ გაცვია, 1 საათის მერე სუნთქვის უკმარისობა გეწყება, გონება გებინდება, მთლიანად სველდები. მაინც გადამედო კოვიდი და სახლშიც მივიტანე. მაშინ ახლობლების გამო ძალიან შემეშინდა.

ახლა ისეთი შტამია, საშუალო სიმძიმის მქონე პაციენტი შეიძლება 3 საათში უკვე მძიმე გახდეს, კიდევ 3 საათში - კრიტიკული. ორკაციან პალატაში ოთხი ადამიანი გვიწევს. რამდენიმე დღის წინ ერთ პაციენტს გული გაუჩერდა, ამას დანარჩენი სამი შეესწრო. მას შემდეგ მათ ვამშვიდებ, ვეუბნები, რომ ეს ყველას არ დაემართება.

ბევრჯერ მქონდა უსუსურობის განცდა. პაციენტების უმეტესობა მთელი ძალით იბრძვის, მაგრამ ვირუსი მაინც პროგრესირებს. ყველა შტამს ალოგიკური მიმდინარეობა აქვს, ეს დელტა კი მაინც განსაკუთრებული კოშმარია.

ადრე, პანდემიამდე თუ კვდებოდნენ პაციენტები, ყველას სახელი, გვარი, თვალები და კარდიოგრამა მახსოვდა. ახლა ვეღარ ვიმახსოვრებ, ძალიან ბევრია.

როცა პაციენტი მძიმდება, დგახარ აპარატთან და მასთან ერთად სუნთქავ: „ახლა ჩავისუნთქოთ, ახლა ამოვისუნთქოთ“... პალატიდან გამოსული, გონებით ისევ პაციენტთან ვრჩები. სულ მეშინია, რომ შეიძლება სუნთქვა გაუჭირდეს და ამ დროს მეც მეჩხირება ყელში რაღაც. ისევ ვბრუნდები ხოლმე, ვამოწმებ, ხო ნამდვილად კარგადაა.

ჩემი შრომა ვალდებულებაა, მაგრამ ძალიან მეცოდებიან ის პაციენტები, რომლებიც დიდი ხნის განმავლობაში იბრძვიან და ბოლოს მაინც კვდებიან. ძალიან მეცოდებიან, როდესაც ოჯახის ორი ან სამი წევრი შემოჰყავთ და სახლში მხოლოდ ერთი ბრუნდება.

ადრე, პანდემიამდე თუ კვდებოდნენ პაციენტები, ყველას სახელი, გვარი, თვალები და კარდიოგრამა მახსოვდა. ახლა ვეღარ ვიმახსოვრებ, ძალიან ბევრია.

ხშირად ცნობიერება ებინდებათ, ერთი უჟანგბადობის, მეორე კი იმის გამო, რომ თვითონ ინფექციაა ძალიან ტოქსიკური, ყველა ბარიერს გადის. უმეტესობას მსუბუქი ან საშუალო სიმძიმის დეპრესია აქვს, რომელიც დიდხანს რჩება. სუიციდის შემთხვევებიც გვქონდა.

თვეებია სახლში მხოლოდ იმიტომ მივდივარ, რომ ფორმების ახალი დასტა წამოვიღო და აქ გამოვიცვალო. ბოლო დროს სიზმარიც არ მინახავს, რადგან ღრმა ძილით აღარ მძინავს. მელანქოლიკი ვარ, მაგრამ ძალიან ოპტიმისტი ჩემი კოლეგებიც კი... სულ ვამბობ, კოვიდი დამთავრდება და ჩვენ დავრჩებით შეშლილი საზოგადოება-მეთქი. ჩვენი რეაბილიტაცია როგორ და რანაირად მოხდება, მართლა არ ვიცი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG