Accessibility links

site logo site logo

ქაბულის აეროპორტიდან ევაკუაცია გაგრძელდა, უცხოეთის ქვეყნები თალიბანის განზრახვებზე თათბირობენ


ქაბულიდან ევაკუაციის მოლოდინში, ქაბულის აეროპორტი, 18 აგვისტო, 2021 წელი

ავღანეთის დედაქალაქ ქაბულის აეროპორტში სწრაფი ტემპით მიმდინარეობს ევაკუაცია უცხოელებისა და იმ ავღანელებისა, რომლებიც დასავლეთის სახელმწიფოებთან თანამშრომლობდნენ და თალიბანის მხრიდან შესაძლო შურისძიებას გაურბიან.

უცხოეთის ქვეყნები მსჯელობენ იმაზე, როგორ მიუდგნენ თალიბანს, დაჯგუფებას, რომლის სახელს უკავშირდება ადამიანის უფლებების უხეში დარღვევა.

ფართომასშტაბიანი იერიშის შემდეგ, რომელიც მთელ ქვეყანაში განხორციელდა და რასაც ქაბულის დაკავება მოჰყვა, 17 აგვისტოს თალიბანმა განაცხადა, რომ სურს მშვიდობა და ინკლუზიური მთავრობის შექმნა, ისლამური ფასეულობების ჩარჩოებში.

თალიბანი პირობას დებს, რომ თავის ოპონენტებზე შურს არ იძიებს და პატივს სცემს ქალების უფლებებს ავღანეთის ახალი მმართველობის პირობებში.

ამის მიუხედავად, ათასობით ავღანელი, რომლებიც თანამშრომლობდნენ უცხოეთის ძალებთან აშშ-ის მეთაურობით, ქვეყნის დატოვებას ცდილობს.

18 აგვისტოს დასავლეთის უსაფრთხოების ძალები იტყობინებიან, რომ ქაბულის აეროპორტში გრძელდება ადამიანების ევაკუაცია. „ვმუშაობთ ძალიან სწრაფი ტემპით, ამ მომენტამდე ჩავარდნა ლოგისტიკაში არ ყოფილა, მოხერხდა გაყვანა 2200 დიპლომატიური და უცხო სახელმწიფოთა უშიშროების სამსახურების თანამშრომლების და იმ ავღანელებისა, რომლებიც საელჩოებში მუშაობდნენ“, - უთხრა Reuters-ს წყარომ.

აშშ-მა დამატებითი სამხედრო ძალა გააგზავნა, რათა უცხოელებისა და ავღანელების ევაკუაცია დაეცვათ, რის შემდეგაც სამხედროთა რიცხვი გაიზარდა ოთხი ათასამდე.

17 აგვისტომდე აეროპორტი დროებით დაიხურა, რადგან შეიჭრა ათასობით ავღანელი, რომლებიც თალიბანის შიშით ქვეყნის დატოვებას ცდილობდნენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG